Home » ფინანსები » დედოლარიაზაცია ქვეყნის ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა
დედოლარიაზაცია ქვეყნის ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა

დედოლარიაზაცია ქვეყნის ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა

“ დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ ”

 მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

”მიზეზი, ალბათ განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთადერთი ვალუტამ, რომელსაც გადახდისა და დაგროვებიის ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოყვება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს. დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა “დედოლარიზაციის” შესახებ ერთი თვის წინ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ისაუბრა:

“რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე ვისაუბრეთ: პირველი, ესაა ლარიზაციის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევამციროთ ეს მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის სესხები”.

ეროვნული ბანკის ამ და სხვა მოსაზრებებს მხარი დაუჭირეს მთავრობის წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეთანხმება კობა გვენეტაძის განცხადებას:

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ. ამისათვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამისთვის კეთდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მიმართულია იქით, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ გამყარდება”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენთვის ლარი უნდა იყოს პრიორიტეტული ვალუტა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

”უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ლარისადმი ნდობის აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, როგორც მონეტარული ხელისუფლებისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი წარმოადგენს, ისე ზოგადად. ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ ეკონომიკური ინსტრუმენტია, არამედ ბევრ რამეს უკავშირდება”, – განაცხადა ხადურმა.

დედოლარიზაციის ანუ ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს   გამოაცხადა. 2010 წლიდან დეპოზიტების დოლარიზაცია ნელი ტემპით, მაგრამ ძირითადად მაინც მცირდებოდა ანუ თუ 2010 წელს დოლარში დეპოზიტების წილი იყო 79%, მიმდინარე წლის ივნისში დეპოზიტებში დოლარიზაციამ შეადგინა 65%.

რაც შეეხება მთლიან სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტს, 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 73.7%, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით კი, დოლარში გაცემული სესხების წილი 67%-ია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე დოლარიზაცია ძირითადად მცირდებოდა. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა ლარი სწრაფი ტემპით უფასურდებოდა, პირველ ოთხ თვეში დოლარიზაციის დონე 70%-მდე გაიზარდა და შემდეგ ისევ კლება დაიწყო.

შედარებით სწრაფი ტემპით მცირდებოდა დოლარიზაციის მაჩვენებელი ფიზიკური პირების სესხებში – 2010 წელს დოლარიზაციის კოეფიციენტი იყო თითქმის 72%, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 56%-მდეა შემცირებული.

დედოლარიზაციის შესამცირებლად ერთი ირიბი ინსტრუმენტი უკვე ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 16 ივნისიდან ეროვნული ვალუტით 1 წლამდე ვადიანობით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმად 7% განისაზღვრა, ნაცვლად 10%-ისა. ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, სარეზერვო ნორმა პირიქით – 15%-დან 20%-მდე გაზარდეს. ასევე, 5%-დან 10%-მდე გაიზარდა უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობით მოზიდულ სახსრებზე სავალდებულო სარეზერვო ნორმა.

საინტერესოა, რომ 2003-04 წლებში სავალდებულო სარეზერვო ნორმა, როგორც ლარში, ისე დოლარში მოზიდულ სახსრებზე თითქმის თანაბარი იყო და 13%-14%-ის ფარგლებში მერყეობდა. შემდეგ წლებში ლარში დარეზერვების ნორმა მცირდებოდა, ხოლო დოლარში მოზიდულ სახსრებზე დარჩა 13%. 2007-2008 წლებში სარეზერვო ნორმები რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ლარში და დოლარში დარეზერვების ნორმები იყო თანაბარი. უკვე 2010 წლიდან  სებ-მა სარეზერვო ნორმები გაზარდა 5-დან 10%-მდე, შემდეგ 15%-მდე და როგორც ვიცით, 16 ივნისდან ბანკებს უწევთ მოზიდული სახსრების 20% დაარეზერვონ.

ფინანსურ ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის შექმნას ისახავს მიზნად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში დენომინირებული ბონდების გამოშვებაც. 2014-2016 წლებში იბიარდის, ეიდიბის, აიეფსის და შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის მიერ უკვე გამოშვებულია 424 მლნ ლარის ღირებულების ობლიგაცია.

ფაქტია, დედოლარიზაცია ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიც ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, ქვეყნებმა დოლარიზაციის პრობლემა სწორი პოლიტიკის შედეგად 10-15 წელიწადში დაძლიეს.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა სებ-ს არ უნდა პირდაპირი მეთოდების და დირექტივების გამოყენება და ამიტომ ცდილობს, ირიბი გზებით მიმართულება მისცეს ფინანსურ აგენტებს. მისივე თქმით, ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ხელოვნურ ჩარევას ან ძალდატანებითი მექანიზმების გამოყენებას.

“არავითარ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ არის და არ იგეგმება იგივე დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ანუ, მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში. ლაპარაკია უბრალოდ საბაზრო მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა ამაში”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

Share