Home » ახალი ამბები » დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების ხაზგასასმელად, ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა. ბანკი მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი იაპონიის ზარაფხანის სახელით ონუკი ნაოჰიკოს მიერ მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 100 ლარია და მისი შეძენა 27 ივლისის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით, ხოლო 30 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.

27 ივლისიდან, 15 დღის განმავლობაში, პროდუქცია ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთი მომხმარებელი მხოლოდ ერთი მონეტის შეძენას შეძლებს. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად.

„კლიმატის ცვლილება და გარემოზე ზრუნვა დღეს გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დედამიწა რეალურად დგას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების წინაშე და აღნიშნული პრობლემის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დედამიწის დღეს მსოფლიო ყოველწლიურად, გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად და მხარდასაჭერად აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში იმართება აქტივობები, რომელთა მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ჩართულობა და მოხალისეობის ხელშეწყობაა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში დატანილია პალმის რტო, რომლის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია დედამიწის გამოსახულება, ხოლო მარჯვენა მხარე ასახავს კლიმატური ცვლილებების თანმდევ მოვლენებს, როგორებიცაა გვალვა, ხანძარი, ქარიშხალი და წყალდიდობა. რკალში დატანილია წარწერები „დედამიწის დღე”, „5ლ” „Thank”, „Think”. გამოსახულებათა და წარწერათა ერთობლიობა მონეტის ავერსზე ასახავს, რომ ადამიანებს მართებთ, იყვნენ მადლიერნი ყოველივე იმისთვის, რასაც პლანეტა აძლევს მათ და დაფიქრდნენ, რის გაკეთებაა შესაძლებელი გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების პრევენციისათვის.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული გამოსახულებების ერთობლიობა, რაც მოიცავს დედამიწის ნახევარსფეროს მოხაზულობაში განთავსებულ ქართულ ორნამენტებს, ყლორტს მწვანე ფოთლებით, ადამიანებისა და ცხოველის სილუეტს და წარწერას „Earth Day”. დატანილია, ასევე, წარწერები „5 ლარი” და „2021″. წრიულ რკალზე გამოსახულია ქართული ორნამენტები და წარწერები „Georgia” და „საქართველო”.

მონეტის დიამეტრი 33 მმ, წონა კი 15.5 გრამია. სულ 1 500 მონეტაა მოჭრილი.

Share