Home » ეკონომიკა » დავით ნარმანია: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი

დავით ნარმანია: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი

ენერგეტიკული სექტორის სწორად და სწრაფად განვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარგში ბევრი სიახლე და იმავდროულად  ბევრი გამოწვევაა დაგროვებული. მათ შესახებ „ბანკები და ფინანსები“ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეს

– როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, მარეგულირებელი კომისიის მიერ რეგულირებად ყველა სფეროში ტარიფები გაიზარდა. ძირითადად რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული გაძვირება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს მოქმედი ტარიფები კომპანიებს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ტარიფების ზრდა ორი მთავარი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი იყო ის, რომ 2020 წლის ბოლოს სრულდებოდა სატარიფო პერიოდი, ანუ სამწლიანი ვადა სრულდებოდა და შესაბამისად, ახალი ტარიფები უნდა დაგენილიყო. და მეორე – პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეებიდან, მათ შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუარესებიდან გამომდინარე, ენერგია გაძვირდა.  კომპანიებს, „თელასს“ და „ენერგოპროს“ დაუგროვდათ საკმაოდ სოლიდური მინუსები და შესაბამისად, ერთი მხრივ, უკვე დაგროვებული მინუსების საკომპენსაციოდ და მეორე მხრივ, ახალი, ჯანსაღი ტარიფით საოპერიროდ, აუცილებელი გახდა ახალი ტარიფების დადგენა, რაც უზრუნველყოფდა ენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა კომისიის შარშანდელი გადაწყვეტილება ტარიფების გადაანგარიშების შესახებ.

მიმდინარე წლის პირველმა სამმა თვემ გვიჩვენა, რომ ეს ტარიფები სწორად არის დადგენილი და კომპანიები გამართულად ფუნქციონირებენ. ისინი უკვე ახდენენ დაგროვილი მინუსების გენერაციას და 3 წლის განმავლობაში, განსაზღვრული ტემპით, უნდა გამოასწორონ ვითარება. და რაც მთავარია, მეორე მხრივ, ეს ტარიფები უზრუნველყოფს, მიმდინარე ეტაპზე, ენერგიის საბაზრო ხარჯების დაფარვას.

– ელექტროენერგიის ტარიფების ზრდაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. იმპორტირებული ენერგიის და თბოელექტროსადგურების კომპონენტია. როგორც საკუთრივ ელექტროენერგიის, ისე თეს-ებისთვის ბუნებრივი აირის შეძენა, ბუნებრივია, უცხოური ვალუტით ხდება. ლარის კურსის ვოლატილობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი ტარიფების დადგენაშიც ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. როგორ აფასებთ იმპორტირებულ ენერგიაზე და ზოგადად, იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულების ხარისხს და რამდენად საფრთხის შემცველია მსგავსი ტიპის ენერგეტიკული დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და რასაკვირველია, როგორც საკუთრივ ენერგეტიკული, ისე მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, უმჯობესია, ქვეყანას ჰქონდეს, გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა საქართველოს ჰყოფნიდა საკუთარი რესურსი, მაგრამ ბუნებრივია, ეკონომიკური განვითარება ენერგიის მოხმარების ზრდის გარეშე წარმოუდგენელია და ამდენად, მოთხოვნა ენერგიაზე ყოველწლიურად ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას. პარალელურად, წინააღმდეგობებით არის აღსავსე ახალი, ადგილობრივი გენერაციის, ძირითადად, ჰიდროგენერაციის ობიექტების მშენებლობის საკითხები. შესაბამისად, ამ წინააღმდეგობების დაძლევის გარეშე, ჩვენ სულ უფრო გაგვეზრდება გარე აქტორებზე დამოკიდებულების ხარისხი. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად იყიდის პირდაპირ ელექტროენერგიას, თუ იყიდის ბუნებრივ აირს და თბოსადგურების მეშვეობით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ნებისმიერ შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება უცხოური ვალუტით, რაც დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით, ლარში  საბოლოო პროდუქტის გაძვირებას იწვევს.

– როგორც თქვენ ახსენეთ, ჰიდროენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში ჰიდროენერგეტიკული პროექტები საკმაოდ არაპოპულარული გახდა. ფიქრობთ თუ არა, რომ კომუნიკაციის სისუსტემ განაპირობა ჰიდროენერგეტიკის მიმართ არსებული ნეგატიური ფონი?

საერთოდ, ნებისმიერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ საზოგადოებასთან გულწრფელი და მაღალი ხარისხის კომუნიკაცია საჭიროა. მათ შორის, ცხადია, როცა საქმე ეხება ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას, მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. ამის თქმის საშუალებას ჩემი სხვა გამოცდილებაც მაძლევს.

თუმცა, მე არ ვარ სპოეციალისტი, რომ თქვენს კითხვაში დასმულ საკითხზე ფართო მსჯელობაში შევიდე. ერთი შემიძლია ვთქვა, –  როცა საქმე ეხება მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც სენსიტიურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აქ აუცილებელია, რომ ყველა მხარემ თავი რეალურად იგრძნოს პროექტის მონაწილედ, დაინახოს პროექტის როგორც დიდი და ზოგადი სიკეთე, ასევე ის სიკეთე, რასაც ესა თუ ის პროექტი კონკრეტულად მას, როგორც ადგილობრივი თემის წარმომადგენელს მოუტანს. პრობლემის ერთ-ერთ გასაღებს ამ მიდგომაში ვხედავ. მხოლოდ ასე შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს სხვადასხვა მარგინალური ჯგუფის, სხვადასხვა მიზნით ნასაზრდოები ინტერესი. ყველა მხარე, ინვესტორი იქნება ის, სახელმწიფო თუ, ცხადია, ადგილობრივი თემი, ყველა უნდა ეცადოს რომ ჰქონდეთ ხარისხიანი და გულწრფელი, ერთმანეთის ინტერესის გათვალისწინებაზე დაყრდნობილი კომუნიკაცია.

– ობიექტურად თუ შევხედავთ, საზოგადოების მხრიდან პროტესტი, გარკვეულწილად, ობიექტურ საფუძველს ეყრდნობა, იმდენად, რამდენადაც უამრავ კითხვაზე და ასევე მთელ რიგ ინფორმაციაზე საზოგადოებას პასუხები და წვდომა არ აქვს. პირდაპირ დავსვამ კითხვას – არის თუ არა დღეს ენერგეტიკული სექტორი გამჭვირვალე?

ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი ვითარება, რომ პროექტები, რომლებიც ინვეტორის მონაწილეობით ხორციელდება, არ არის ხოლმე ბოლომდე ღია, რადგან შემოდის კომერციული საიდუმლოების ელემენტი და თუ მხარე არ იქნება თანახმა ამ ნაწილის გასაჯაროების, ამას სახელმწიფო ცალმხრივად ვერ გააკეთებს, რამდენადაც საამისო უფლება და მანდატი მას კანონმდენბლობით არ აქვს. როგორც წესი, ეს ფინანსურ კომპონენტს უფრო მეტად ეხება ხოლმე. ტექნიკურ კომპონენტზე ეს ფაქტორი ნაკლებად ვრცელდება. ასეა ზოგადად.

თუ საკუთრივ ენერგეტიკულ სექტორზე ვისაუბრებთ, ნამდვილად ვერ დავარქმევ მას დახურულს ამ თვალსაზრისით. აქაც შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული კომპონენტის შესახებ ინფორმაცია არ იყოს ხოლმე საჯაროდ ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება, უშუალოდ მარეგულირებელი კომისიის დამოკიდებულებას საჯაროობისადმი, შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე უწყება ვართ. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის ღია და არის საჯარო სხდომაზე მიღებული. წინასწარ ქვეყნდება გადაწყვეტილების პროექტები და მუდამ მზად ვართ დაინტერესებულ მხარებთან დისკუსიისთვის.

სხვათა შორის, ფაქტია, რომ მიუხედავად იმ უფლებისა, რომ კომისიას შეუძლია ნებისმიერი სხდომა დახუროს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, მაგალითად 2020 წლის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი სხდომა (ასეთი 80-მდე იყო) ჩვენ არ დაგვიხურავს. სემეკის საჯაროობის მაღალი ხარისხის გამოხატულებად მივიჩნევ ასევე ჩვენი წლიური ანგარიშის სტრუქტურასა და შინაარსს. ეს დოკუმენტი თავისი არსით საკმაოდ შეორს სცდება უწყების საქმიანობის ტექნიკურ მიმოხილვას და რეალურად წარმოადგენს დარგის პროფესიულ მიმოხილვას. საჯაროა ჩვენი წლიური მოხსენებაც საქართველოს პარლამენტის წინაშე.

– ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იყოს მაქსიმალურ ღიაობაზე და ტრანსპარანტულობაზე. ეს საჭიროა თუნდაც საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ყველანაირი კითხვა, რაც არსებობს ენერგეტიკული სექტორის მიმართ. – კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, – ერთ-ერთი პრობლემური საკითხია იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ ე.წ. საკონტრაქტო ფასების გასაიდუმლოება ესკოს მხრიდან. ხშირად ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების ოპონენტებს მაგალითად მოჰყავთ იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასები და ამბობენ, რომ იმპორტი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. თუმცა, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. როგორია თქვენი პოზიცია?

ძალიან მალე, ეს ნაწილიც (იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი) საჯარო  იქნება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ. რეფორმირების ფაზაში ვართ, მოგეხსენებათ და მარეგულირებელი ნორმები მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიაში. ზოგადად, კომისიის მხრიდან გაძლიერდება მიმართულება, რაც მონიტორინგს გულისხმობს, საიმისოდ, რომ ბაზრის არცერთ სეგმენტში არ მოხდეს ფასების ხელოვნური დამახინჯება და რომელიმე აქტორმა არამართლზომიერად არ ისარგებლოს, ამა თუ იმ მომენტში, თავისი დომინანტური მდგომარეობით.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ დამატებით რამდენიმე წესს და რეგულაციას, რაც საბოლოოდ დაარეგულირებს თქვენს კითხვაში აღნიშნულ საკითხსაც.

– მიმდინარე წლის ივლისში უნდა ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა, სადაც როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე გენერირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, გარკვეულწილად, ასეთი ლიბერალური და კონკურენტული გარემო, ხომ არ გააძვირებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს. სემეკს ეკისრება ბირჟის რეგულატორის ფუნქცია. უფრო კონკრეტულად, გთხოვთ ისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს  სემეკის მიერ სენბის – საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის რეგულირება?

ბირჟა, ჩვენთანაც, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, იქნება ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც მართავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება.

ბირჟა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს ევროპაში აპრობირებული პლატფორმით. აქ განაცხადს აკეთებენ, ერთი მხრივ, ენერგიის მესაკუთრეები -ჰესები,  იმპორტიორები, ქარისა და მზის სადგურები და მეორე მხრივ, მომხმარებლებს, მყიდველებს ეძლევათ საშუალება, მათთვის ხელსაყრელ წინადადებას გაეცნონ პირდაპირ ბირჟაზე და შეიძინონ ენერგია. აქ საუბარი არ არის მოსახლეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელთათვისაც სემეკი კვლავ დაადგენს ტარიფებს. აქ საუბარია ენერგიის მსხვილ მომხმარებლებზე, როგორიცაა გამანაწილებელი კომპანიები, მსხვილი ინდუსტრიული თუ სხვა ტიპის საწარმოები და სხვა.

ბირჟა იძლევა საშუალებას ვაჭრობა განხორციელდეს „დღით ადრე“ რეჟიმსა და ასევე საათობრივ რეჟიმში. ენერგიით ვაჭრობა მთლიანად გადადის საბაზრო პრინციპზე და მის ფასს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. საათობრივი რეჟიმის შესაძლებლობა კი მომხმარებლებს მისცემს დამატებით საშუალებას, საკუთარი შრომითი რესურსების გადანაწილება მოახდინონ და საწარმოო პროცესი, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან, შეუსაბამონ დღე-ღამის დროის იმ პერიოდს, როცა ენერგია იაფი იქნება. ცხადია, ბირჟაზე ფორმირებული ფასი იქნება გაცილებით სამართლიანი და კონკურენციის ბაზისზე დაფუძნებული, ვიდრე ეს თუნდაც დღესაა.

რაც შეეხება იმას, რომ ვინმემ არამართლზომიერად არ ისარგებლოს და ბირჟაზე არ შეეცადოს ფასებით  მანიპულირებას და მის ხელოვნურად დამახინჯებას, ამის პრევენციასა და კონტროლს განახორცილებს სემეკი და საამისოდ უკვე არის შექმნილი საკანონმდებლო ბაზა, რასაც ბაზრის  მონიტორინგის წესები ქვია და რაც, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შექმნილი.

– სულ ახლახანს ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ქ-ნმა ირინა მილორავავ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მთავარი კითხვა მაინც იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება და რომ ეს არის სწორედ ის საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ წესში უნდა აისახოს.  რომ განვმარტოთ -თუკი ბირჟამ უნდა კონკურენციის უმაღლესი ხარისხით  უზრუნველყოს საბაზრო ფასის ჩამოყალიბება, იმპორტიორის იმპერატიულად შერჩევაზე რატომ შეიძლება იყოს საუბარი, ან ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ?

ყველაფერი მარტივადაა. იმპორტიორი იქნება პირი, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ თავის ენერგიას განათავსებს ბირჟაზე. თუ ეს იქნება ძვირი ეს ენერგია, ბუნებრივია, მისი ენერგია არ ივაჭრება, რადგან მყიდველი უფრო იაფიან ენერგიაზე შეაჩერებს არჩევანს. უფრო სწორად, სისტემა მას უფრო იაფიან ენერგიას შეარჩევინებს და იმპორტიორებს შორისაც გაიზრდება კონკურენციის ფაქტორი. სწორედ ახლა იწერება ის წესები, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში ენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. კიდევ მეტად დეტალურად სწორედ ამ დოკუმენტის შემუშავებისა და მიღების შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ აქაც, იმპორტის შემთხვევაშიც, იყოს კონკურენცია შენარჩუნებული და ბირჟის მეშვეობით უზრუნველყოფილი.

თქვენ ხაზგასმით იკითხეთ თუ რას ნიშნავს იმპორტიორის შერჩევის წესი. გიპასუხებთ, რომ აქ არ არის საუბარი ვინმეს მიერ ვინმეს შერჩევაზე. სისტემა თავად შეარჩევს მას, ვისი ენერგიაც იქნება იაფი.

– საზოგადოებაში ნამდვილად არის განცდა, რომ ენერგეტიკული სექტორის ნომერ პირველი გამოწვევა არის გამჭვირვალობის საკითხი. ეს პრობლემა გაცილებით უფრო რთულად გადასაჭრელად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან, ვიდრე თუნდაც დარგში ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ამ ფონზე, მაინც რჩება გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ბირჟა სრულად და ბოლომდე გამჭვირვალე პლატფორმა.

 გასაგებია, რომ განაცხადები შესაძლოა არც არვისთვის იყოს საინტერესო და მათ მონიტორინგს სემეკი ონლაინ რეჟიმში ახორციელებდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ისეა გადაწყვეტილი, რომ საათობრივი ვაჭრობის შედეგები გასაჯაროვდება, მაგრამ იდენტიფიკაციის გარეშე. სპეციალისტები ელიან, რომ საქართველოშიც შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ბირჟის ამოქმედების საწყის ეტაპზე განსაკუთრებით, შესაძლოა ფასი ენერგიაზე ზრდის ტენდენციითაც აღინიშნოს.

 ამ შესაძლებლობის დაშვებისას, ხომ არ ფიქრობთ, რომ  თუ გარკვეული პერიოდულობით მაინც, დაინტერესებულ საზოგადოებას და ანალიტიკურ წრეებს არ ექნებათ წვდომა ბირჟაზე დადებული გარიგებების სრულ შინაარსზე, ანუ იმპორტის ქვეყნებზე, იმპორტიორი კომპანიების ვინაობაზე, მოცულობებსა და ფასებზე,  ანუ ჩაშლილ ინფორმაციაზე – ეს ხომ არ გამოიწვევს კვლავ იმის განცდას, რომ სისტემის ლიბერალური რეფორმა რეალურად მხოლოდ ფასადურად დარჩა და ისევ დიდი არეალია კორუფციული შესაძლებლობების და გავლენებით ვაჭრობის? მით უმეტეს, თუ ამა თუ იმ მომენტში, ბირჟაზე დადებულმა გარიგებებმა გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა, ამ შემთხვევაში ხომ, თუკი ინფორმაცია ბოლომდე არ იქნება საჯარო და ჩაშლილი, საერთოდ, გაუგებარი და მიუღებელი დარჩება საზოგადოებისთვის, თუ რატომ არ იციან ვისი მოქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა ეს გაზრდილი ფასი და რამდენად სამართლიანი და კონკურენტულია ის იმ კონკრეტული მომენტისთვის.  ამ რისკებს როგორ შეაფასებთ, როგორც ბირჟის რეგულატორი ინსტიტუტის ხელმძღვანელი?

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ სავაჭრო პლატფორმის ფუძე საქართველოში არ არის, არის ევროპაში. რაიმე ტექნიკური ხელოვნური მანიპულირების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. პლატფორმა იმართება „ნორდპულის“ მიერ, რომელიც არის ძალიან ცნობილი, ავტორიზებული და ავტორიტეტული ორგანიზაცია და ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს მის პლატფორმას.

მეორე ფაქტორი – თქვენ სწორად აღნიშნეთ, კომპანიების იდენტიფიცირების გარეშე  ინფორმაცია იქნება ღია. ღია იქნება საათობრივი ვაჭრობის შედეგები, ანუ ამ თუ იმ კონკრეტულ საათში A, B, C და ა.შ. კომპანიებიდან რომელს ჰქონდა საუკეთესო შეთავაზება, როგორ მოხდა პირველი შეთავაზებიდან გადასვლა მეორეზე და ა.შ. და რამდენი ენერგია გაიყიდა და რა ფასად ამ კონკრეტულ საათში. შესაბამისად, ანალიტიკის გაკეთების საშუალება იქნება, მაგრამ კომპანია A ვინ იყო, B ვინ იყო,  C  ვინ იყო და ა.შ. ამას მარეგულირებელი კომისია დააკვირდება ონლაინ რეჟიმში და დააკვირდება  ასევე იმას, მათ მიერ დადებული ფასი ხომ არ არის, მათ მიერ გაწეულ ზღვრულ ხარჯებზე უფრო მაღალი. ეს მექანიზმი არის სპეციალურად ჩადებული და ის სისტემის სასიკეთოდ მუშაობს, რომ მანიპულაციების შესაძლებლობა იყოს გამორიცხული. და თუ ვინიცობაა, ვინმე მაინც შეეცდება მანიპულაციას, სემეკს აქვს უფლება მიიღოს ადმინისტრაციული ზომები, დაწყებული მითითებიდან და ხარვეზის აღმოფხვრის დავალდებულებიდან, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის დაკისრებით დამთავრებული.

– ბატონო დავით, რა მიგაჩნიათ ენერგეტიკული სექტორის ძირითად გამოწვევებად სადღეისოდ?

ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას დავასახელებდი.

პირველი, ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან. სხვათა შორის, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ. მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ისე განსაკუთრებით, ატომურ პროექტებთან მიმართებით. ენეროგანვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია, ამდენად,  გამოსავალი, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ მეტ გულწრფელობაში, მეტ უშუალობასა და მეტ დიალოგშია მხარეთა შორის.

მეორე, ეს არის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული გამოწვევები, თუმცა ამ პრობლემას სექტორი საკმაოდ კარგი ტემპით პასუხობს – ბირჟის პრინციპზე გადასვლას ჩვენ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში ვახერხებთ. აქ, განსაკუთრებით კომპანიების მხრიდან, მთელი რიგი ტექნიკური მომენტების შესაბამისობაში მოყვანაა აუცილებელი პირობა და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა. აქ მაინც, ვფიქრობ, ანგარიშმიუცეემლი სიჩქარე სიკეთეს არ მოგვიტანს, ისედაც საკმაო ტემპი გვაქვს ამ მხრივ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავძლიოთ ეს ტექნიკური საკითხი.

მესამე გამოწვევა კი სექტორში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების საჭიროებაა. აუცილებებლია ქსელების რეაბილიტაცია, მოძველებული ტრანსფორმატორების ჩანაცვლება. ეს გამოწვევა პირდაპირ კავშირშია ტარიფების ზრდასთან. ცხადია, ჩევნ შეგვიძლია მოვთხოვოთ კომპანიებს და მეტი ინვესტიცია განვახორციელებინოთ ინფრასტრუქტურის გაჯანსარებაში, მაგრამ ეს ინვესტიციები, ბუნებრივია, შემდეგ ტარიფში აისახება. ამიტომაც არის, რომ სემეკი იტანხმებს მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს. იმასაც, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვწურავტ, რათა ამან ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იქონიოს და ამავდროულად ვაკვირდებით კომპანიებს, რამდენად ყოფნის მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეტანხმებული ინვესტიციების მოცულობა საიმისოდ, რომ უზრუნველყონ მომხმარებლების ხარისხიანი და შეუფერხებელი მომარაგება. ეს არ არის რთული გამოწვევა, ამოტომაც ვაყენებ მას რიგითობაში ბოლოსკენ. აქ სემეკმა და კომპანიებმა კიდევ უნდა გააღრმავონ ურთიერთობა და დროში ზუსტად და ეფექტიანად უნდა გაწერონ განსახორციელებლი საინვესტიციო პროექტები, რათა ტარიფზე მტკივნეული დაწოლის გარეშე სისტემა კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს და გაჯანსაღდეს.

Share