Home » ეკონომიკა » დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

„პირველი გამოწვევა ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ.

„მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ისე განსაკუთრებით, ატომურ პროექტებთან მიმართებით. ენეროგანვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია, ამდენად,  გამოსავალი, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ მეტ გულწრფელობაში, მეტ უშუალობასა და მეტ დიალოგშია მხარეთა შორის“, – აღნიშნა მან,

ნარმანია ენერგოსექტორის რიგით მეორე გამოწვევად  ბაზრის გახსნის საკითხს ასახელებს.

„ბაზრის გახსნა მეორე გამოწვევაა, მაგრამ ამ პრობლემას სექტორი საკმაოდ კარგი ტემპით პასუხობს – ბირჟის პრინციპზე გადასვლას ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში ვახერხებთ. აქ, განსაკუთრებით კომპანიების მხრიდან, მთელი რიგი ტექნიკური მომენტების შესაბამისობაში მოყვანაა აუცილებელი პირობა და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა. აქ მაინც, ვფიქრობ, ანგარიშმიუცემელი სიჩქარე სიკეთეს არ მოგვიტანს, ისედაც საკმაო ტემპი გვაქვს ამ მხრივ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავძლიოთ ეს ტექნიკური საკითხი“, – მიაჩნია სემეკის თავმჯდამარეს.

როგორც ნარმანია აღნიშნავს, სექტორის რიგით მესამე გამოწვევა ენერგეტიკაში, მათ შორის, გამანაწილებელ კომპანიებში, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების საჭიროებაა.

„აუცილებებლია ქსელების რეაბილიტაცია, მოძველებული ტრანსფორმატორების ჩანაცვლება. ეს გამოწვევა პირდაპირ კავშირშია ტარიფების ზრდასთან. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ კომპანიებს და მეტი ინვესტიცია განვახორციელებინოთ ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებაში, მაგრამ ეს ინვესტიციები, ბუნებრივია, შემდეგ ტარიფში აისახება.

ამიტომაც არის, რომ სემეკი ითანხმებს მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს. იმასაც, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვწურავთ, რათა ამან ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იქონიოს და ამავდროულად ვაკვირდებით კომპანიებს, რამდენად ყოფნის მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეთანხმებული ინვესტიციების მოცულობა საიმისოდ, რომ უზრუნველყონ მომხმარებლების ხარისხიანი და შეუფერხებელი მომარაგება.

ეს არ არის რთული გამოწვევა, ამოტომაც ვაყენებ მას რიგითობაში ბოლოსკენ. აქ სემეკმა და კომპანიებმა კიდევ უნდა გააღრმავონ ურთიერთობა და დროში ზუსტად და ეფექტიანად უნდა გაწერონ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები, რათა ტარიფზე მტკივნეული დაწოლის გარეშე სისტემა კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს და გაჯანსაღდეს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Share