Home » საზოგადოება » დავით მირცხულავა: დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება

დავით მირცხულავა: დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება

დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება, – ამის შესახებ ენერგოსექტორის ექსპერტმა დავით მირცხულავამ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ.

„გერმანიასა და დანიაში წყალქვეშა კაბელებით იღებენ ჰიდროენერგეტიკის ენერგიას ნორვეგიიდან და დღესაც შენდება იქ კაბელები. შვეიცარია მუდმივად მუშაობს ტენდენციებზე. ჰიდროაკუმულაცია შენდება იმიტომ, რომ ის სარეზერვო სიმძლავრე განავითაროს რაც ამ ტიპის გენერაციას სჭირდება მისცეს“, – განაცხადა მირცხულავამ.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიციურმა გერმანულმა ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ შეგვიძლია 2030 წლისთვის 1 300 მეგავატი ქარის ენერგია ავითვისოთ, რაც ჯამში 4,5 მილიარდი კილოვატ/საათია, ასევე ჰესების გამომუშავება 9 მილიარდი.

„თუ არაფერი არ განვავითარეთ ცნობილია, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებულია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ამიტომ ჩვენ რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ“, – აღნიშნა მირცხულავამ.

მისი თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასებაში მეცნიერები უნდა ჩაერთვნენ.

„იმ სადგურებზე, როგორიცაა ენგური, ჟინვალი, უამრავი მეცნიერი გაიზარდა. ნამახვანი გათვლილია და გაითვლება 0,55 ჟეზე ნგრევამდე მიყვანაზე მათემატიკური და ფიზიკური მოდელით. უსაფრთხოების კუთხით კიდე ერთს ვიტყვი, გრავიტაციულ მოდელზეა ლაპარაკი, გრავიტაციული კაშხალი, არ დანგრეულა საქართველოში 100 მეტრიანი სიმაღლის გარდა 1963 წლის შემდეგ. 1963 წელსაც დაინგრა, „ვაიონტის“ ცნობილი შემთხვევაა, როცა მეწყერი ჩამოწვა.

ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ ვარ ნამყოფი, იქ ვმუშაობდი, კაშხალი ისევ დგას. მე რომ ოპონირებას ვეწეოდე დავიწყებდი საუბარს ფუძის სუფონირებასა და ეროზიულ მოვლენებზე.

სტრუქტურულად რატომ გვჭირდება სეისმოლოგების მუშაობა, უნდა მოგვცენ დინამიური დატვირთვა, რასაც ვითვლი სამ განზომილებიან მოდელზე და ვადგენ დაძაბულ დეფორმირებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მირცხულავამ.

დავით მირცხულავას განცხადებით, ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს.

„საქართველოსთვის ყველაზე სტრატეგიული დოკუმენტი იყო იტალიურ-სერბული კვლევა. ეს პროცესი მუდმივად უნდა განხორციელდეს ახლაც ხდება ჟინვალისა და ენგურჰესის კვლევა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ მდგრადი განვითარება ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის“ – განაცხადა მირცხულავამ.

Share