Home » საზოგადოება » დავით დვალმა ურთმელიძის განჩინება გაასაჩივრა
დავით დვალმა ურთმელიძის განჩინება გაასაჩივრა

დავით დვალმა ურთმელიძის განჩინება გაასაჩივრა

დავით დვალმა მოსამართლე ურთმელიძის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც ის ამოირიცხა „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველობიდან. ტელეკომპანიის დროებით მმართველად დვალის დანიშვნა და მალევე ამის უარყოფა, მართლაც, საინტერესო იყო და სწორედ ამის ახსნას ითხოვს დვალი.

– ბატონო დავით,  რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენ,როგორც დაინტერესებული პირი, ამოგრიცხათ დროებითი მმართველობიდან?

-პირდაპირ გეტყვით – როცა სასამართლომ თავიდან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე დროებითი მმართველი უნდა ვყოფილიყავი, იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ჩავთვლილიყავი დაინტერესებულ პირად. მათგან მივიღე საკმაოდ კვალიფიციური პასუხი, რომ მე სრული უფლება მქონდა, მმართველი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ, ურთმელიძემ შეცვალა გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ჩამბარდა და გუშინ გავასაჩივრე.

ანუ, თქვენი საჩივარი  სასამართლოში უკვე შესულია?

– დიახ. კითხვები მაქვს და მაინტერესებს, რა მოხდება. მინდა ამ თემაზე თავიდან იმსჯელონ. მე მაინც მგონია, რომ ჩემი ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილება სწორი არ იყო. მე დაინტერესებული ვარ, რომ ტელეკომპანია იყოს კარგად და იმუშაოს გამართულად, მე ამ კომპანიის ბედი მაღელვებს და, შესაბამისად, სწორედ მე ვარ სათანადო ფიგურა იმისთვის, რომ მმართველობაში ვიყო. მე მაქსიმალურად ვიზრუნებდი, რომ კომპანიას პრობლემა არ შექმნოდა. თუმცა, სამართლებრივად ამას კავშირი არ აქვს, იქ რომ წერია, რომ მე მხარე ვარ. მე მხარე არ ვარ.

 გასაჩივრებული გაქვთ მუხლი, რომლის მოქმედებაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. ვთქვათ,პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვენი სარჩელი დააკმაყოფილა. მუხლი შეჩერებულია, თქვენ მმართველივერ გახდებით. მაშინ,   აზრი აქვს თქვენს საჩივარს?

– შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაუქმებულია. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ თემაზე და გამოიტანოს გადაწყვეტილება, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას ეს მუხლი. ვნახოთ, დაველოდოთ. იმ მომენტისთვის უკვე გარკვეული იქნება ჩემი ამბავიც.  მე იმის თქმა მინდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მუხლი შეჩერებულია, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ სწორი იყო თუ არა ის გადაწყვეტილება, რომ მე დავსახელდი მმართველის თანამდებობაზე.

მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ თქვენ საკმაოდ დიდი ნაცნობობა გყავთ მედიაში. თუ გაქვთ კონტაქტიტელეკომპანიის ჟურნალისტებთან და რა განწყობაა მათში, რას ელიან, რა სურთ?

– მე ვიცი მათი განწყობა – რეალურად მათ მშვიდობა სურთ და სურთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანად. ვის უჭერენ მხარს ან ვის არ უჭერენ, მე მასე არ ვაყენებ საკითხს. უბრალოდ ვხვდები მათ და გავაგრძელებ ამ შეხვედრებს. ახლა უფრო წყნარად მიდის პროცესები და ნემისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს. მათ ვუხსნი, რომ მმართველი შეიცვლება თუ მფლობელი, მათ სამსახურს საფრთხე არ ემუქრება. განსაკუთრებით ტექნიკურ პერსონალს, რომელიც პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული. ჩვენი ინტერესი არ არის  იქ ვინმეს გაშვება და დასჯა.

რა კომენტარს გააკეთებთ გვარამიას ცნობილ განცხადებაზე, რომ სამართლებრივი პროცესების გაწელვის პოლიტიკით  ტელეკომპანი ამჟამინდელი მენეჯმენტის მმართველობის ქვეშ არჩევნებამდე მიიტანენ.

– რად უნდა მაგას ბევრი ფიქრი და მსჯელობა. ის, ვინც დღევანდელი მფლობელი და მმართველია, ისინი ყოფილი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები და ყოფილი ლიდერები არიან. აქვთ სურვილი, რომ ტელეკომპანია გამოიყენონ, როგორც იარაღი და არა მარტო იდეოლოგიური იარაღი. ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ისინი მზად არიან, არა მარტო მოსახლეობის აზრზე ზემოქმედებისთვის, არამედ სხვა მოქმედებისთვისაც. როგორც ჩანს,„ ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მათ არანაირ იმედს არ აძლევს და ცდილობენ, ამ გზებით გაიხანგრძლივონ პოლიტიკური მომავალი. ამიტომ, არ გამიკვირდება, რომ არსებობდეს სხვა სცენარიც, არეულობის სცენარი და… ზუსტად ამას ვუხსნი თანამშრომლებს,  საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს ბავშვები და ეს ჟურნალისტები უნდა გამოიყენონ სხვა ამოცანებისთვის. მათ არ აინტერესებთ არაფერი, აინტერესებთ მხოლოდ პარტია და ამას ჟურნალისტები უნდა მიხვდნენ.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share