Home » ბიზნესი » დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას
დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას

დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას

დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას – კანონში ცვლილებების შეტანას მეწარმეთა ნაწილი ითხოვს. მათი მტკიცებით, აღნიშნული ნორმა ბიზნესის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე წარდგენილია, თუმცა პოლიტიკოსები არათუ გაუქმებას, არამედ კანონის გამკაცრებას  ითხოვენ.

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თამბაქოს პროდუქციის გაყიდვა სკოლის ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში აკრძალული უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმის გადახვედისთვის მუშაობა უკვე დაიწყო. სარჩელი 50 მეტრიანი დისტანციის გაუქმების შესახებ ერთ-ერთი ბიზნეს ობიექტის მეპატრონეს ეკუთვნის. სარჩელი კონსტიტუციით ნაკისრი თავისუფალი მეწარმეობის უგულვებელყოფითაა ახსნილი.

თამბაქოს კონტროლის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობით სკოლებიდან 50 მეტრში იკრძალება თამბაქოს პროდუქციის გაყიდვა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო აქტები მაინც ფიქსირდება. ცვლილებებს არ ემხრობიან მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების თქმით თამბაქო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არ უნდა იყიდებოდეს.

“რა თქმა უნდა მომხრე ვარ თამბაქოს პროდუქტის არ გაყიდვით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარგი პრევენცია არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია” – აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

“ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ის რომ ვთქვათ ყველა სახის რეკლამა უნდა იკრძალებოდეს თამბაქოსთან დაკავშირებით და ასევე სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, 50 მეტრს რადიუსში არ იქნას დაშვებული თამბაქოს რეალიზაცია” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომრის პირველი მოადგილე.

თამბაქოსთან დაკავშირებულ პრობლემას ემატება ისიც, რომ კვლევის თანახმად ყოველი მერვე მოსწავლე სიგარეტს ეწევა. ამიტომ საზოგადოების ნაწილი ითხოვს, რომ გამკაცრებული იქნას კანონმდებლობა ამ მიმართულებით, ასევე მოხდეს სრულფასოვანი კონტროლიც.

Share