Home » საზოგადოება » „დაუმუშავებელი მიწების დიდი ნაწილი უცხოელების საკუთრებაშია, რაღაცამ უნდა უბიძგოს, რომ ათვისება დაიწყონ”

„დაუმუშავებელი მიწების დიდი ნაწილი უცხოელების საკუთრებაშია, რაღაცამ უნდა უბიძგოს, რომ ათვისება დაიწყონ”

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და აგრარული კომიტეტის ყოფილი თავმდჯომარე ოთარ დანელია ეხმაურება მოქმედი პარლამენტარის ბეჟან წაქაძის ინიციატივას, რომლის იდეაა, დაუმუშავებელ მიწაზე დამატებითი გადასახადები დაწესდეს.

მსგავსი ინიციატივა წლების წინ ოთარ დანელიას ჯერ როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრს, შემდეგ კი როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა.

დანელია ამბობს, რომ მათი მიზანი იყო, საქართველოში მიწა დაუმუშავებელი არ დარჩენილიყო და პირებს, ვინც მიწის ნაკვეთებს ფლობს, ან იჯარით გაეცათ ის, ან თავადვე დაეწყოთ მათზე მუშაობა.

ყოფილი მინისტრი bm.ge-სთან დღეს ამბობს, რომ თავის დროზე ინიციატივა გულისხმობდა, განსხვავებული საგადასახადო პირობების დაწესებას მიწის მესაკუთრეებისთვის, რომლებიც ამ ფართობს არ იყენებდნენ და მათთვის, ვინც მიწას ამუშავებდა. ოთარ დანელია განმარტავს, რომ საუბარი იყო ძირითადად უცხოელებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ მიწის ნაკვეთებს და მას არ ამუშავებენ.

“დაუმუშავებელი მიწების დიდი ნაწილი არარეზიდენტების მფლობელობაშია, რომლებმაც თავის დროზე ძალიან იაფად შეიძინეს მიწები. ეს მიწის ნაკვეთები არის დაუმუშავებელი და ამას სჭირდება რეაგირება.

რაღაცამ ხომ უნდა უბიძგოს, მათ შორის არარეზიდენტებს, რომ დაიწყონ ამ მიწების ათვისება? რეალურად იმდენად მცირეა მიწის გადასახადი საქართველოში, რომ ნებისმიერ არარეზიდენტს უღირს, საქართველოში ოდესღაც ნაყიდი მიწა ჰქონდეს, დაელოდოს მის გაძვირებას ან ოდესმე, კეთილ ნებას თუ გამოიჩენს, დაამუშავოს.

მიწის ფასები კი, როგორც ხედავთ, იზრდება – გავიხსენოთ რა ღირდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 10 წლის წინ და რა ღირს ახლა… უყურებს ამ სტატისტიკას მიწის მესაკუთრე და ამბობს, რატომაც არა – კარგი ინვესტიციაა და მოდი, ერთი 20 წელი კიდევ მექნება”,- აცხადებს ყოფილი მინისტრი.

თუმცა, დაუმუშავებელ მიწებზე დამატებითი გადასახადის დაწესების ინიციატივის დამოუკიდებლად განხილვას დანელია არ ემხრობა – მისი თქმით, თავის დროზე ამ ცვლილებასთან ერთად პარალელურად დაგეგმილი იყო სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები დარგის განვითარებისთვის.

“უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, არ შეიძლება, ასე დამატებითი ტვირთი შემოვიტანოთ, რადგან ისედაც საკმაოდ მაღალი ტვირთის მქონე სექტორია სოფლის მეურნეობის სექტორი. თავის დროზე ეს იყო ერთობლიობა ნორმატიული ინიციატივებისა, რომელიც ითვალისწინებდა ფერმერთა რეესტრის შექმნას, მოიცავდა აგროტურიზმის განვითარებას და ა.შ.

დღესაც პირველ რიგში, საჭიროა შევქმნათ პირობები, რათა მეტი სტიმული ჰქონდეთ სოფლის მეურნეობით დაკავებულ სუბიექტებს. ერთი მხრივ, საჭიროა შეიქმნას ხელშეწყობის პროგრამები, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი აგრარული სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ფერმერებში ისევ დაფინანსებაა”,- აცხადებს ოთარ დანელია.

წყარო: BM.GE

Share