Home » ეკონომიკა » დარგები, რომლითაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან
დარგები, რომლითაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან

დარგები, რომლითაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში მასშტაბური და გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიბერალური საინვესტიციო გარემო, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა –  ეს ის მიზეზებია, რის გამოც საქართველო, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2015 წელს მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რამდენიმე დარგი ლიდერობს. მათ შორის პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, (44%) მას მოსდევს საფინანსო სექტორი (14%) უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხუთეულში შედის მშენებლობა, მრეწველობა და ენერგეტიკაც.

გასულ წელს ინვესტიციების მოცულობის ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანდან შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და თურქეთი.

როგორც “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტი, ბესო ნამჩავიძე ALLNEWS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში ბოლო ორი წელია ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში შემოდის. თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დარგის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია.

ბესო ნამჩავაძის განმარტებით, ამ ინვესტიციის 80%-ზე მეტი ერთ პროექტზე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე, იგივე შაჰდენიზზე მოდის.

რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების წილს საფინანსო სექტორში, ბესო ნამჩავაძის თქმით, მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობა სფეროს მომგებიანს და შემოსავლიანს ხდის. ეკონომისტის აზრით, საქართველოში ბანკები და საფინანსო კომპანიები მომგებიან საქმიანობას ეწევიან.

“მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გასულ წელს ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა ნახევარმილიარდიანი მოგება ნახეს.”- აღნიშნავს ეკონომისტი.

მისივე თქმით, მშენებლობის მაღალი ტემპები მიუთითებს იმაზე, რომ ამ სფეროში ფულის ჩადება ინვესტორებისთვის წლების მანძლზე მომგებიანი და შესაბამისად, მიმზიდველი საქმიანობაა.
რაც შეეხება ენერგეტიკას, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი” მიიჩნევს, რომ ეს დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

“საქართველოს ამ მხრივაც აქვს პოტენციალი. ელექტრო ენერგიის გამომუშავება და გაყიდვა საკმაოდ მომგებიანი საქმიანობაა. უბრალოდ,  საფრთხილო და რთულია პროექტების დაწყება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც ერთი სხვა, ცალკე აღებული დარგი არ არის მოკლებული ბიზნესგარემოს გავლენას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესები ნებისმიერ დარგზე მოქმედებს, ზოგიერთზე, მათ შორის ენერგეტიკაზე, კი მეტი სენსიტიურობით.” -აღნიშნავს ნამჩავაძე.

მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან ეკონომისტი რამდენიმეს გამოყოფს.

“მაკროეკონომიკური სტაბილურობიდან ყველაზე დიდ პრობლემად სახელმწიფო ვალის ზრდა მიმაჩნია, ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს რეიტინგებზე. სავალუტო კრიზისი, კერძოდ, ლარის კურსის მერყეობა, ასევე ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე.”- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ხაზს უსვამს ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობას. ამასთან, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

ქრისტინე გამთენაძე

Allnews.ge

Share