Home » ახალი ამბები » „დადგა დრო, მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხის ამაღლება გახდეს“
„დადგა დრო, მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხის ამაღლება გახდეს“

„დადგა დრო, მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხის ამაღლება გახდეს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაზე „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ სიტყვით გამოვიდა.

ჩხენკელმა აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა, რაც მოძმე ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს. მან ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზეც და აღნიშნა, რომ თუ წინა წლებში მთავარი ამოცანა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო, ახლა დადგა დრო, მთავარი მიზანი განათლების სისტემის ყველა დონეზე განათლების ხარისხის უზრუნველყოფა გახდეს.

მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საერთაშორისო სტანდარტებზეც, რომლის წყალობითაც, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტები, ახალგაზრდებს მსოფლიო სტანდარტების, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესაბამის ცოდნასა და სასწავლო პროცესს შესთავაზებენ. მან, ასევე, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ, უფრო ეფექტურ მოდელს, რომელიც უნივერსიტეტებს კვლევების მასშტაბების გაზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების საშუალებას მისცემს.

გამოსვლაში მინისტრმა საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროთა ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის მუშაობას შეეხო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და უცხოელ კოლეგებთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

გამოსვლის ბოლოს მინისტრმა დასძინა, რომ მიესალმება 2020 წელს IAUP-ის შემაჯამებელი კონფერენციის თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებას. მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს კი წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

Share