Home » საზოგადოება » COVAX პლატფორმაზე “ასტრაზენეკას” დოზებისთვის თანხა უკვე გადაირიცხა – ეკატერინე ტიკარაძე

COVAX პლატფორმაზე “ასტრაზენეკას” დოზებისთვის თანხა უკვე გადაირიცხა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს COVAX პლატფორმაზე თანხა უკვე გადაირიცხა და მისივე თქმით, ეს სწორედ “ასტრაზენეკას” დოზებისთვის არის განკუთვნილი.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის რაზეც თავიდან იყო შეთანხმება COVAX პლატფორმისგან  ვაქცინის დოზებზე, მარტის ბოლოსკენ მისი მოწოდება მაინც მოხდება.

“დღეს “იუნისეფისა” და NCD-ის მხრიდან COVAX პლატფორმაზე თანხა გადაირიცხა. ჩვენ გამოვიყენეთ “იუნისეფის” პლატფორმა იმისათვის, რომ მოწოდება განხორციელდეს. ეს იყო COVAX-ის დამატებითი რეგულაცია, რომელიც მათ ჩადეს შუალედურ რგოლად მოლაპარაკებებში, რისი წინაპირობაც თავიდან არ ყოფილა. სწორედ ამის გამო, მოგვიწია გარკვეული ცვლილება და ეს შესყიდვა არა სამინისტროს, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან განხორციელდა.

თანხა COVAX პლატფორმაზე უკვე იქნება “ასტრაზენეკას” დოზებისთვის, რომელიც საქართველოსთვის მოსაწოდებლად არის დადგენილი. ამის შემდეგ კი, მხოლოდ იმ პროცედურების განხორციელება დარჩება, რაც მოწოდებას შეეხება. ამაში საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია იქნება ჩართული და ეს “იუნისეფია“.

COVAX პლატფორმასთან ყოველდღიური მოლაპარაკების შედეგად, პირველ კვარტალში რა დოზების მოწოდებაზეც იყო საუბარი, დღეს კიდევ ადასტურებენ, რომ იმ დოზების მოწოდება მარტის ბოლომდე მოხდება. ის დათქმული პირობა, რომ თებერვალში ვერ მოგვაწოდეს დოზები, ანაზღაურებული იქნება. ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ იმაზე, რომ არ შემოვიტანოთ ქვეყანაში ნებისმიერი არალიცენზირებული ვაქცინა. საქართველო იქნება ის რგოლი, რომელიც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Share