Home » ეკონომიკა » „ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე“

„ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე“

“ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება.

„მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ მასშტაბური პროგრამის დაფინანსების შედეგად. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ. გვაქვს განსაზღვრული, იდენტიფიცირებული 350-მდე მიმართულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე.

ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ოჯახები მოძლიერდება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა.

ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის რომ, ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი, რომ ჩვენს გლეხებს, ფერმერებს , მშრომელ ხალხს ვასწავლოთ მიწის დამუშავება უფრო უკეთესად, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი კულტურების გაშენებაში დავეხმაროთ.

ამისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი”, რომლითაც, პრაქტიკულად, უფასოდ შეუძლიათ მათ გააშენონ ახალი ბაღები, ხეხილის ბაღები, გრძელვადიანი, მრავალწლოვანი კულტურები და ა.შ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მშვიდობას და სტაბილურობას. ქვეყანა ვერ გაუძლებს ამდენ რყევებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და, რა თქმა უნდა, განვითარების ხედვა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share