Home » ბიზნესი » “ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით”
"ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით"

“ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით”

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ხორბლის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 2.2 მეასედი დოლარით გაძვირდა და ტონაზე 173 .61 მეასედი დოლარი შეადგინა. 6.16 მეასედი დოლარით მოიმატა ე.წ. მყარი ხორბლის ფასმაც. დიდ მოსავალს არც რუსეთში ელოდებიან, რომელიც საქართველოში მარცვლეულის ძირითადი იმპორტიორია. უამინდობამ გარკვეული პრობლემები ხორბლის ადგილობრივ წარმოებასაც შეუქმნა.

გაიზრდება თუ არა ფქვილის ფასი საქართველოში და არსებობს თუ არა დემპინგის პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესკოდში” საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ ისაუბრა.

– არის თუ არა მოლოდინი და საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ველოდოთ ფქვილზე ფასის მატებას?

– პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამის მოლოდინი არ არსებობს. ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასის მატება გამოწვეულია იმით, რომ არ არის მოსავლის კარგი პირობები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირის ბაზარზეც შემცირებულია  ხრობლის მოსავლის პროგნოზები. იქედან გამომდინარე, რომ შარშან იყო რეკორდულად დიდი მოსავალი მსოფლიოში, ამან გარკვეული დაბალანსება გამოიწვია. რუსეთში შარშან იყო 120 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი, წელს კი არის 110 მილიონის პროგნოზი, თუმცა იქედან გამომდინარე რომ შუაში იყო რუსეთ-თურქეთის სავაჭრო ომი და თურქეთი ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია რუსული ხორბლის, ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეული სერიოზული მარაგები დააწვა რუსეთის ხორბლის ბაზარს. რამოდენიმე დღის წინ ეგვიპტეში ჩატარდა ტენდერი, სადაც რუსეთის ხორბალი დარჩა გამარჯვებული 25 დოლარით ნაკლები ფასით, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება. სამწუხაროდ, ჩვენი ხორბლის ბაზარი და მთლიანად ეკონომიკა სერიოზულად დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. ადგილობრივმა ფერმერებმა უკვე დაიწყეს მოსავლის აღება და პროგნოზი საკმაოდ კარგია. ფასის შეთავაზება წისქვილკომბინატების მიერ ფერმერებისადმი არის 40 დან 45 თეთრის ფარგლებში. ეს არის იმაზე მაღალი ფასი ვიდრე შარშან იყო სეზონის დასაწყისში, რაც ფერმერებისთვის კარგია.

– ჩვენი შიდა წარმოება იმდენად მცირე მასშტაბებით არის წარმოდგენილი, რომ მთლიანობაში საფასო სეგმენტზე გავლენის მომხდენი ვერ იქნება?

– დიახ, ეს ნამდვილად ასეა. უპირატესობა იმპორტირებულ ხორბალს იმიტომ ენიჭება, რომ სავაჭრო პარტიები ყალიბდება იმპორტირებულიდან, ანუ მინიმუმ 3000 ტონა მოდის ერთგვაროვანი ხორბალი, მაშინ როდესაც ქართული ხორბლის მიწოდება სტაბილურობით არ გამოირჩევა.

– საინტეერსოა რატომ ხდება ასე, მაშინ როდესაც მსოფლიოს 27 ხორბლის სახეობიდან 14 არის ქართული და საქართველოში მოიპოვება და ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამ სექტორის კონკურენტულ უპირატესობად?

– სამწუხაროდ ის ჯიშები, რომელიც ჩვენ გვაქვს არ გამოიყენება მასობრივად, აქედან გამომდინარე მასიურ საბაზრო სეგმენტის ამ უპირატესობას ვერ ვიყენებთ. შეიძლება ითქვას ეს უპირატესობაც არ არის. ეს შეიძლება გამოყენებულ იყოს იმ შემთხვევაში, როცა რაღაც ნიშა გვექნება, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც უპირატესობას საშუალო სეგმენტში. შარშან საქართველოში ხორბლის მიწები სახელმწიფოს დაფინანსების შედეგად იქნა მოხნული.

– ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე , რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ხორბლის, არის იმპორტირებული საქართველოში. აქედან ხომ არ წარმოიშვება დემპინგის პრობლემა ადგილობრივ წარმოებაში?

– როდესაც ადგილობრივ ბაზარზე შემოდის პროდუქცია, რომელიც არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს ადგილობრივ წარმოებას, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგია იმისკენ, რომ ადგილობრივ წარმოებას ჰქონდეს ოპერირების სწორი პირობები. მსოფლიოში თურქეთი არის ფქვილის პირველი ექსპორტიორი, მიუხედავად იმისა რომ მათ თავისი სამყოფი არ აქვთ. ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით.

 ლევან ლაგვილავა

Share