Home » მსოფლიო » ჩინეთი აშშ-ის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს უწესებს

ჩინეთი აშშ-ის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს უწესებს

ჩინეთი რამდენიმე ამერიკელ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს. მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ- კონგში ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო. აშშ-მ კი, თავის მხრივ, სანქციები „ეროვნული უსაფრთხოების კანონის“ გამო დააწესა, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში გასულ წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო და რომელიც, აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, საფრთხეს უქმნის ჰონგ-კონგის უსაფრთხოებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები მიზნად ისახავს “ჰონგ-კონგის ბიზნეს გარემოს შერყევას” და ამ სანქციების დაწესება „საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმების სერიოზული დარღვევაა.“

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისინი საპასუხო სანქციებს დაუწესებენ შვიდ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ში, მათ შორის ყოფილ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს ვილბურ როსს, Human Rights Watch– ის დირექტორს ჩინეთის საკითხებში სოფი რიჩარდსონს, აშშ-ჩინეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის თავმჯდომარეს კაროლინ ბართოლომეს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ადამ კინგს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ჩინეთი შურისძიება არ აშინებს.

„ეს ქმედებები არის იმის მაგალითი, თუ როგორ იყენებს პეკინი კერძო მოქალაქეების, კომპანიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასჯას, როგორც პოლიტიკური სიგნალების გაგზავნის საშუალებას”, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

Share