Home » საზოგადოება » „ჩინელებს უარს ვეტყვით და აქ ანაკლიის პორტს ავაშენებთ? მერე საიდან მოვკრებთ ტვირთებს?“

„ჩინელებს უარს ვეტყვით და აქ ანაკლიის პორტს ავაშენებთ? მერე საიდან მოვკრებთ ტვირთებს?“

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პანდემიის მიუხედავად, ამ ტენდერით უცხოელები აუცილებლად დაინტერესდებიან და ეს ინტერესი ანაკლიის პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე უთუოდ იქნება.

ამჯერად მაინც თუ განხორციელდება ანაკლიის პროექტი და ხომ არ განმეორდება ერთხელ უკვე ნანახი სცენარი, როცა რუსეთის თუ სხვა ფაქტორის გამო ეს პროექტი ჩაიშალა? ამის შესახებ for.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიას „აბრეშუმის პორტს“ უწოდებდა და მოხიბლული იყო მისი შესაძლებლობებით. ღარიბაშვილის სურვილი იყო, ანაკლია რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი გამხდარიყოსადაც ეკონომიკური კლასტერი განვითარდებოდა. თუმცა მოგვიანებით ამ პორტის მშენებლობა შეჩერდა. დღეს რა პერსპექტივა აქვს ხელახალი ტენდერის გამოცხადებას?

– ანაკლია ფანტასტიკურად დიდი პროექტია, მასშტაბი უზარმაზარია, ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს სატრანსპორტო უზარმაზარი კვანძია, აქ არის საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო კვანძები. ეს პროექტი ქართველი ინჟინრების მიერაა დამუშავებული, მთლიანობაში, ბრწყინვალე ქართული პროექტია, რომლის ანალოგიც არ არსებობს. როგორც იცით, ამ პროექტის ავტორია ბატონი სპარტაკ ერაგია, ყულევის პორტის დამპროექტებელი, ბადრი პატარკაციშვილის დაკვეთით. მსოფლიოში ცნობილი ანაკლიის პროექტი მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ნების არქონის გამო ვერ განხორციელდა. ის, რაც მოხდა ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, იყო გამაოგნებელი, ძალიან ცუდი და დღეს კარგია, რომ ეს გამოასწორა ხელისუფლებამ, ახლა მთავარია პოლიტიკური ნება. ამ პროექტს არ სჭირდება არც სახელმწიფო ფული, არც არაფერი, ბატონი სპარტაკის მიერ მე გახლდით მიწვეული ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ ხელმძღვანელად მის გუნდში, ამიტომ ღრმად ვიცნობ ამ პროექტს. თუ ჩატარდება სწორი ტენდერი, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამით მოიგებს, ასეც უნდა ყოფილიყო წინა ტენდერის შემთხვევაშიც, მაგრამ გადაათამაშეს ძმაკაცური ვარიანტი, ფაქტობრივად, სახელმწიფო საქმე ძმაკაცობამდე დაიყვანეს. ამიტომ, თუ ბატონი ღარიბაშვილი ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგება, კარგი იქნება. ფულის პრობლემა ამ პროექტს არ აქვს, ამ პროექტს არ აქვს საინჟინრო პრობლემა, ათობით ტომია დამუშავებული, უკანასკნელ ლურსმნამდეა მთელი პროექტი გათვლილი, სულ ცოტა, ოთხ ქვეყანას მოიცავს, ეს არის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თავისთავად, საქართველო და დუნაის აუზის ქვეყნები. ეს არის დიდი, ალტერნატიული, ერთ-ერთი კარგი მარშრუტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

რამდენადაც ვიცი, თქვენ ამ პროექტის კონსულტანტი იყავით. დღეს რა აზრისაა სპარტაკ ერაგია ხელმეორე ტენდერის გამოცხადებაზე და რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ?

– ამ დღეებში, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა ეს საკითხი გაახმიანა, ბატონი სპარტაკი არ მინახავს. იგი ყოველთვის მზად იქნება, რეალურად საქმე გაკეთდეს, თუმცა ცოტა რთული პიროვნებაა იმ გაგებით, რომ მას ვერ დაელაპარაკები გვერდით ეფექტებზე, სახელმწიფოს ხარჯზე ფულის კეთებაზე, ეს პატრიოტი ადამიანი, ძლიერი პროფესიონალია, ამიტომ რთულად სალაპარაკოა ქართველი თაღლითებისთვის. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს საქმე გაკეთდება, საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას მიიღებს.

ცალკეული ადამიანები ბლოკავდნენ ამ პროექტის განხორციელებას, ისიც ცნობილია, რომ, სავარაუდოდ, ხაზარაძეს არც კი ჰქონდა ფული ამ პროექტის დასამთავრებლად. სახელმწიფოს როლი რა იყო ანაკლიის პროექტის დაბლოკვის საქმეში? რუსულ ინტერესებზეცაა საუბარი, რის გამოც პრობლემა შეექმნა ამ პროექტს.

– რუსულ ინტერესზე საუბარი სერიოზული არ არის, რადგან ამ შემთხვევაში, შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ. ვინც არ უნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე რაიმე ხეირის მიღების მოსურნე, გადაწყვეტილებას მთავრობის გარეშე ვერავინ იღებს. თავის დროზე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან არ არის დასამალი, რომ არც იმ ამერიკულ ფირმას არ ჰქონდა ფული და არ ჰქონდა არც პროექტი, ისინი ბატონ ხაზარაძესთან ერთად არაერთხელ იყვნენ მისულები ბატონ სპარტაკ ერაგიასთან კონსულტაციებზე. ასეთი პროექტი, რომლის დამუშავებასაც წლები სჭირდება, სხვაგან არ არსებობს, ამიტომ მაშინ მთავრობამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. თუ იმ შეცდომას არ გაიმეორებს, პროექტი არსებობს, ამ პროექტს საღი კონკურენცია სჭირდება და არა ისეთი, როგორც ეს შეფასდა ტენდერის დროს. ამ პროექტს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ, როცა საქართველოზეა საუბარი, სახელმწიფო ინტერესი აქ მეათეხარისხოვანია, აქ მთავარია ნეპოტიზმი, ძმაკაცობა და როგორმე ფულის მოტეხვა.

ანაკლიასთან მიმართებით საუბარია ჩინურ ინვესტიციებზე, რომელსაც რუსულ ინტერესებთან კავშირში ამხელენ, რადგან რუსეთსა და ჩინეთს თავიანთი ინტერესები აქვთ კავკასიაში. ეს ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ინვესტორი?

– ამ პორტს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთიდან და მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთები წავა ევროპისკენ. ამდენად, რა გასაკვირია, აქ რომ ჩინელებს თავიანთი ინტერესი ჰქონდეთ? ამიტომაა სწორად კონცესიები გასაცემი, აუცილებელია პროპორციების დაცვა. რუსეთს აქვს ინტერესები? ცხადია, მას ექნებათ თავისი სარგებელი. ჩინელებს აქვთ ინტერესი? ცხადია, ჩინელების გარეშე ეს პროექტი არ გაკეთდება. ამერიკელებს აქვთ ინტერესი? ცხადია, ამერიკელებსაც აქვთ ინტერესი, მაგრამ, თუ შენ გინდა იძახო, მე დასავლური ორიენტაციის ვარ, აქ მე წყალქვეშა ნავების პორტს, ნავსადგომს გავაკეთებ, მერე აქედან რუსეთს დავცხებ, დედას ვუტირებ და ჩამოვშლი, ეს პროექტი არ გამოვა. მე რაღაც ასეთი ნოტები გავიგონე ამ ბოლო განცხადებებში, რომ მაინცდამაინც თურმე ამერიკული ინვესტიცია უნდა იყოს ანაკლიასთან მიმართებით, ეს არასერიოზულია, რადგან ამ კვანძს მაშინ აქვს აზრი, თუ ჩინელები თავიანთ ტვირთებს ამ გზით მიმართავენ. ვიმეორებ, ჩინელებს რომ ინტერესები ჰქონდეთ, ეს გასაკვირია? ამერიკელებს საქართველოში რა ინტერესი აქვთ? ის, რომ, გარკვეულწილად, კონტროლის საშუალება ჰქონდეთ. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი? საიდან უნდა მოკრიბო ეს ტვირთები? მაშინ არ მოვა ტვირთები აქ, გადაამისამართებენ ამ ტვირთებს სხვაგან და დავრჩებით არაფრის გარეშე. ამიტომ, როცა ბრწყინვალე ეკონომიკურ პროექტს იდეოლოგია და ბრიყვული ლექსიკა ცვლის, რომელიც პოლიტიკანობის ნაზავია და სულელურ ორიენტაციაზეა ორიენტირებული, იქ არაფერი არ გამოვა. ჩინელებს უარს ვეტყვით და აქ პორტს ავაგებთ? მერე რად გვინდა ის პორტი? საიდან მოვკრებთ ტვირთებს? ანტირუსული კრეტინიზმით, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან? ყველა დიდი მოთამაშე თამაშობს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში და ეს არის გრძელვადიანი ინტერესები. საქართველო კი არასდროს არ იყო გარკვეული გეოპოლიტიკაში და ყოველთვის კისერი მოიტეხა ამ პორტთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეკონომიკურად მავნე განცხადებები აკეთონ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ ნატოს ბაზას გააკეთებს წყალქვეშა ნავებისთვის, მე იმ ხალხს სერიოზულად არ აღვიქვამ.

წყარო: for.ge

Share