Home » საზოგადოება » ცათამბჯენი, რომელმაც რუსთაველის არქიტექტურული სივრცე დაანრგია, ივლისის ბოლოს გაიხსნება
ცათამბჯენი, რომელმაც რუსთაველის არქიტექტურული სივრცე დაანრგია, ივლისის ბოლოს გაიხსნება

ცათამბჯენი, რომელმაც რუსთაველის არქიტექტურული სივრცე დაანრგია, ივლისის ბოლოს გაიხსნება

 

7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯერ-ჯერობით არავის მოსწონს, თავად «დაბი ჯგუფის» და სააკაშვილის გარდა

«დაბი ჯგუფის» აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სასტუმროს მოწყობის შიდა სამუშაოები დასრულებულია, გარე პერიმეტრზე კი 2 კვირის ვადაში დასრულდება მშენებლობაც. სემი ედუარდის თქმით, პარალელურად მთავრობასთან, პრემიერის ოფისთან მიდის სასტუმროს გახსნის ცერემონიის შეთანხმება, რადგან  ედუარდის თქმით, «ეს იქნება საერთაშორისო მოვლენა.»

«გახსნის ცერემონიას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, იქნება ლაივ ტრანსლაცია, ჩვენ გავიმეორებთ «ბურჯ ხალიფას» გახსნის ცერემონიის მსგავს ღონისძიებას, ეს იქნება უნიკალური და ძვირადღირებული სანახაობა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დასწრება», – აცხადებს ედუარდი.

სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. «მილენიუმ ბილთმორის» ასეთი სასტუმრო დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორიაშია.

«დაბი ჯგუფის» აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სასტუმროში კაზინოს მომავალ ოპერატორთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. სემი ედვარდის თქმით, მოლაპარაკებები ჰქონდათ «მაკაუს» კაზინოსთან, რომელიც ლოს-ანჟელესის კაზინოსა და ჩინეთის  მაკაუს კაზინოს ერთობლივ მმართველობაშია, თუმცა, საბოლოო ჯამში კომპანიამ არასახარბიელო პირობები დააყენა და ამიტომ ამ ეტაპზე «დაბი ჯგუფი» კაზინოების სხვა ჯგუფს ესაუბრება, რომელიც ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

სასტუმრო «მილენიუმთან» ერთად იგეგმება «იმელის» რესტავრირებული შენობის გახსნაც.

«დაბი ჯგუფის» წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს სხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკება. პროექტები, ძირითადად, უძრავი ქონების სექტორში იქნება.

პროექტის ღირებულება და მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა, მოცემულ პროექტს მოწინააღმდეგეებიც გააჩნია. რომ გამოვიდეთ ეკონომიკური ჭრილიდან და მოცემულობას შევხედოთ არქიტექტორულ-დეველოპერული კუთხით, მილენიუმის შენობა ამოვარდნილია იმ არქტიქტურული სივრციდან და სტილისტიკიდან, რაც რუსთაველის გამზირს გააჩნია.

სპეციალისტების პოზიციით, თბილისი კარგავს ისტორიულ იერსახეს, კარგავს ევროპული ქალაქის დეფინიციას და ხდება ადგილი, სადაც მშენებლობას აწარმოებენ ბიზნესმენები და არა დეველოპერები. ურბანისტების აზრით, წინა ხელისუფლების დროს, მშენებლობების კუთხით, გატარებული იყო ლიბერალური პოლიტიკა. მერია დეველოპერს არ სთხოვდა პროექტს და ისე ამტკიცებდა შემოთავაზებულ მშენებლობას. შესაბამისად, კონსტრუქციული ნაწილი არ იყო განხილული არც ექსპერტიზის და არც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ. ანუ, ჩვენ ვრჩებოდით იმის იმედზე, რომ კონკრეტულ დეველოპერს აღმოაჩნდებოდა შესაბამისი კვალიფიკაცია და პატიოსნება, რომ ინჟინრულად სწორად გაეკეთებინა დაკისრებული საქმე.

რეალურად, დეველოპერი არ არის ინჟინერი, შესაბამისად, ამ პრობლემას ვერ აღიქვამს სიღრმისეულად. არქიტექტორების განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ წინა ხელისუფლების საკანონმდებლო სივრცეში. მაშინ გადაწყვეტილების მიმღებები არა სპეციალისტები, არამედ «ჯარისკაცები” იყვნენ, შესაბამისად ვერანაირ ანალიზს ვერ გაუკეთებდნენ  იმას, რა საქმესაც აკეთებდნენ.

«მილენიუმის» შენობა ჯერ გახსნილი არ არის. ის ივლისის ბოლოს იხსნება, თუმცა დარგის სპეციალისტები, – დეველოპერები, არქიტექტორები და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობა უარყოფითადაა განწყობილი, რადგან მიიჩნევენ, რომ მსგავსი შენობა არ შეესაბამება რუსთაველის გამზირის არქიტექტურულ სივრცეს. სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება ამ თემაზე უკვე, როგორც პრობლემაზე.

«ბანკები და ფინანსები» რამდენიმე საინტერესო პოზიციას გთავაზობთ. ურბანისტი ნიკო კახეთელიძე თვლის, რომ პროექტი ყოველგვარი კონტექსტის გარეშე დაიგეგმა.

«ეს პროექტი სრულიად ამოვარდნილია რუსთაველის ქუჩის არქიტექტურული სივრციდან. გაუგებარია ვინ ჩაატარა ეს კონკურსი, როგორ ჩაატარა, რანაირად ჩაატარა. მთლიანად პროცესი იყო გაუმჭვირვალედ ჩატარებული, არანაირი განხილვა არ ყოფილა, იგივე მესაკუთრის პოზიციაც გაუგებარია, რატომ უნდა მოგინდეს იქ მსგავსი რამის გაკეთება, წარმოუდგენელია. ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს», – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.

«ბანკები და ფინანსებთან» მილენიუმის პროექტზე საუბრობს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სტილი ეპოქასთან მჭიდრო კავშირშია.

«რეალურად პროექტი არ მინახავს, ფაქტია, რომ ჩვენს თვალწინ ამოიზარდა ეს შენობა. რეალურად, ნელ-ნელა თვალი ეჩვევა, შესაბამისად, ყველა ეპოქას თავისი სამეტყველო ენა აქვს, საკითხის უნდა მივუდგეთ თუ რამდენად არის კარგად არის ჩაწერილი იმ კონტექსში, რა კონტექსტშიც არის რუსთაველის გამზირი. სტილი რა თქმა უნდა იცვლება, დღეს სხვა სტილი იქნება, ხვალ სხვა. სტილი ეპოქასთან არის დაკავშირებული და არა ნაციონალობასთან», – განაცხადა გიგა ბათიაშვილმა «ბანკები და ფინანსებთან» საუბრისას.

ბაჩანა ჯინჭარაძე

 

Share