Home » ბიზნესი » ბურჯანაძე – გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, რომ რესტორანი ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელია და ეპიდემიოლოგებს თავად შევეხვეწებით, ობიექტები დახურონ

ბურჯანაძე – გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, რომ რესტორანი ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელია და ეპიდემიოლოგებს თავად შევეხვეწებით, ობიექტები დახურონ

გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, რომ რესტორანი ყველაზე დიდი გამავრცელებელია და ეპიდემიოლოგებს ჩვენ შევეხვეწებით, რესტორნები დახურონ, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სტატისტიკა დამიდეთ. მითხარით, რასთან შედარებით, რომელ ქვეყანაში და რა ვითარებაშია ის, რომ რესტორნებში რამდენი დაავადებულია. სტატისტიკა შეგვიძლია, დავდოთ, რომ ექიმები არიან დაინფიცირებული და საავადმყოფოები ხომ არ უნდა დავხუროთ?! ჩვენ სწორად უნდა ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ ამ ეპიდემიასთან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადებით შოთა ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამკაცრდება თუა არა შემოდგომასთან შედარებით ზომები და როგორ იქნება რისკები დაზღვეული იმისთვის, რომ კვების ობიექტები ხელახალი ეპიდაფეთქების საფუძველი არ გახდეს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა კვების ობიექტებში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი იმ პირობებში, როდესაც ერთ სუფრასთან რამდენიმე ადამიანი ზის და პირბადე არავის უკეთია, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.

„რატომღაც, ასე ჟღერს, თითქოს, რესტორანი ყველაზე დიდი გამავრცელებელია, მაგრამ ამის შესახებ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. მითხარით, რომელი სტატისტიკით და კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ასეა? თუ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ყველაზე დიდი გავრცელება ექიმებს შორის არის და ჩვენ სფეროში არსად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც რესტორანში თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა დაინფიცირდა. ეს შემთხვევები არ ყოფილა და საიდან მოდის ეს შეხედულება, უბრალოდ, გაუგებარია. არის სტატისტიკა, რომ როდესაც მობილობა დიდია, პრობლემა არის, მაგრამ დიდ მობილობას ჩვენც ვებრძვით. კომუნისტების დროს, ბატონი ამირან გამყრელიძის დროს რომ დიდი დარბაზები იყო, სადაც ქეიფები იყო, როგორც ის ბრძანებს და ერთმანეთს ხვევნა-კოცნით შორდებოდნენ, დღეს ასე აღარ არის. ქორწილები მორჩა, აკრძალულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ზოგადი ფრაზებით არ უნდა საუბრობდნენ და უნდა არსებობდეს გაიდლაინები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა.

„ეპიდემიოლოგები ზოგადი ფრაზებით არ უნდა გველაპარაკებოდნენ. ჩვენ უნდა გვქონდეს გაიდლაინები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა. როდესაც ტრანსპორტზე ვსაუბრობთ, რომ ბევრი ხალხი არ უნდა შევიდეს, ეს რას ნიშნავს? სწორედ აქ უნდა იყოს ეპიდემიოლოგის მითითება. ზოგისთვის ბევრი 130-ს ნიშნავს, ზოგისთვის კი 300-ს და ვაგონი იქნება თუ ავტობუსი, ადმინისტრირება უნდა იყოს, რომ შეუშვან 10 კაცი, ამის შემდეგ აღარ შეუშვან და ა.შ. ეპიდემიოლოგის დანიშნულება ეს არის და არა სტატისტიკოსის როლში ყოფნა და ამ ციფრებით საუბარი. ციფრებით სტატისტიკის სამსახური უნდა საუბრობდეს, ეპიდემიოლოგი კი უნდა ამბობდეს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რადგან ბიზნესში ურთიერთობას პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება არ ჰყოფნის, აუცილებელია, სხვა წესებიც იყოს.

„აი, ამას ნიშნავს ადმინისტრირება და ინფორმაციის სწორად მიწოდება, რა უნდა ვაკეთოთ. ეპიდემიასთან თანაცხოვრება ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა კი არა არის, არამედ იმის სწავლა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა რეჟიმში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან არის მიდგომა, თითქოს ბიზნესი განყენებულია, რომელმაც მხოლოდ თანხები უნდა იხადოს ბიუჯეტში და ის მოსახლეობასთან ვერ იგივდება, რომ ამ სფეროში ადამიანები არიან, რომლებიც ოჯახებს 200 ლარით ვერ კვებავენ.

„სუბსიდირება ბიზნესს და მფლობელებს კი არ სჭირდება, არამედ 200 000 ადამიანს სჭირდება შესაძლებლობა, რომ იცხოვროს. 250 000 ადამიანს სჭირდება გადაადგილების საშუალება და იმის საშუალება, რომ იკვებოს. ეს ადამიანები ორი წელი ვერ იცხოვრებენ ორას ლარად. ბატონმა ამირან გამყრელიძემ უნდა დაუწესოს, ამ ადამიანებმა როგორ უნდა იცხოვრონ და ეპიდემიასთან როგორი თანაცხოვრება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ რესტორატორთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, 200 000 ადამიანი არსებულ რეალობას ვერ გადაიტანს.

„თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნა შესმენილი, დამერწმუნეთ, 200 კი არა, 1000 რესტორანი იქნება გაღებული და იქ მომხმარებელი შევა ისე, რომ ვერავინ დააჯარიმებს. დამერწმუნეთ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვაშინებ. უბრალოდ, ვერ მიაგნებენ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

Share