Home » საზოგადოება » ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება
ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და სხვა უწყებებთან შერწყმა არ შეიძლება“

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგი სამინისტროებით იქნება წარმოდგენილი: გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; თავდაცვის; იუსტიციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ფინანსთა; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხდება. ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე თვლის, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და მათი ფუნქციების სხვა უწყებებთან შეერთება დაუშვებელია.

როგორც ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროს ეკონომიკის სამინისტროსთან და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთება, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკითხზე პრემიერთან შეხვედრას და, კანონპროექტის განხილვისას, კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

„არასამთავრობო სექტორსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა. ვითხოვთ, რომ საკომიტეტო განხილვებისას და ფრაქციების სხდომებზე მოგვეცეს დასწრების და ჩვენი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. შევჯერდით, რომ ვიქნებით აქტიური მონაწილეები აღნიშნული საკითხის განხილვისას. გვეუბნებიან, რომ უწყების გაუქმება არ იგეგმება, იგეგმება შერწყმა, თუმცა იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ჩვენი ქვეყანაა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და სხვა უწყებებთან შერწყმა არ შეიძლება.

ეს ნაბიჯი ორივე მიმართულებას დაასუსტებს. ამასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვის დარგი არ შეიძლება, გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროს ხელში. ეს გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს. იმიტომ, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ტრანსპორტის, ურბანული განვითარების სფერო, ენერგეტიკის სამინისტრო და ა.შ. ასევე, არის საშიშროება, რომ ამ ნაბიჯებმა შეანელოს ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტები სფეროებში, დავტოვოთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფერო დამოუკიდებელ უწყებად. ამ მოწოდებით გამოქვეყნდება განცხადება, რომელსაც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს სურვილი, რომ პრემიერსაც შევხვდეთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოსაზრებების სისწორეში“, – განაცხადა ჩხობაძემ.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით (მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტის მართვის მიმართულება კულტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით ყალიბდება.

ამასთან, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share