Home » ბიზნესი » „ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

“აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შემოსავალმა 2019 წელს $140.17 მილიონი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. აღნიშნული კომპანია ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი”.

ცნობისთვის, “აიდიეს ბორჯომი“ გლობალური კომპანიაა, რომლის პროდუქციაც 40-მდე ქვეყანაში იყიდება. ქვეყნების მიხედვითკომპანიის 2019 წლის გაყიდვები შემდეგნაირად ნაწილდება:

რუსეთი – $59 მილიონის შემოსავალი;
საქართველო – $37.5 მილიონის შემოსავალი;
ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოსავალი – $14.6 მილიონი;
ყაზახეთი – $11.7 მილიონი;
ბელარუსი – $8.4 მილიონი;

“აიდიეს ბორჯომი საქართველო“ IDS Borjomi International-ის შემადგენლობაშია, რომლის აქტივებშიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც შედის. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, სადაც მინერალურ წყალ Моршинська-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს, რომელსაც ქალაქ კოსტრომაში ასხამენ.

კომპანიისა და მისი მფლობელის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, “ბორჯომის” საკონტროლო წილს რუსული ფინანსური ჰოლდინგი Alfa Group-ი ფლობს, რომლის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. ფრიდმანის ქონება Forbes-ის მიერ $15.5 მილიარდად არის შეფასებული. ფრიდმანი ასევე არის აქტივების ზომით რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ბანკის Alfa Bank-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2021 წელს IDS Borjomi International-მა 7 მილიარდი რუბლის ($95 მილიონი დოლარის ობლიგაციები) გამოუშვა. ინვესტორთათვის მომზადებულ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ 2020 წელს კომპანიის გლობალურმა გაყიდვებმა 33.5 მილიარდი რუბლი, ანუ $455 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, IDS Borjomi International-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი არა უშუალოდ “ბორჯომის” ბრენდების, არამედ რუსული და უკრაინული წყლების გაყიდვებისგან ფორმირდება.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის 60%-იან წილს Alfa Group-ი ფლობს, 40% კი მინორიტარი აქციონერების საკუთრებაშია, თუმცა ამ აქციონერების ვინაობა დოკუმენტში დასახელებული არაა.

ცნობილია ის, რომ 2013 წლამდე IDS Borjomi International-ის ძირითად მესაკუთრეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდი Salford Capital Partners-ი წარმოადგენდა. ამ აქტივებს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განკარგავდა, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა შეიძინა. უცნობია, წარმოადგენს თუ არა ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი  IDS Borjomi International-ის მინორიტარ (40%-ის მფლობელ) აქციონერს.

ცნობისთვის, 18 მაისს „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირებთან ერთად გაფიცულებმა არაერთი შეხვედრა გამართეს კომპანიის წარმომადგენლებთან. მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

წყარო: Forbes.ge

Share