Home » ფინანსები » BOOKING.COM-ის მომსახურების დაბეგვრაზე შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

BOOKING.COM-ის მომსახურების დაბეგვრაზე შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

მათი განმარტებით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს პორტალი – https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.

Share