Home » საზოგადოება » „ბოლტ ფუდის” კურიერების აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტისა” და “გლოვოს” კურიერებიც შეუერთდნენ

„ბოლტ ფუდის” კურიერების აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტისა” და “გლოვოს” კურიერებიც შეუერთდნენ

სპორტის სასახლესთან „ბოლტ ფუდის” კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ. აღნიშნულ აქციას სოლიდარობის ნიშნად უერთდებიან ,,ვოლტისა” და ,,გლოვოს” კურიერებიც.

აქციის მონაწილეები დაბალ ტარიფებს და საბონუსე სისტემის გაუარესებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. კურიერების ინფორმაციით, გუშინდელი აქცია ,,ბოლტის” ოფისთან გაიმართა, რის გამოც სამსახურიდან 25-მდე ადამიანი დაითხოვეს.

,,ყველაზე მთავარი პრობლემა რაც დღეს კურიერებს აქვთ არის პარტნიორული ხელშეკრულება, რომელიც ხელს უშლის კურიერსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას და იმ სარგებლების ქონას, რაც შრომის ურთიერთობას გააჩნია, მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულება, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დასაბუთება ან სხვა.

გუშინ ეს ადამიანები იყვნენ „ბოლტის“ ოფისთან მისულები, აპროტესტებდნენ ტარიფების კლებას და ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას ამ პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნა, უნამუსო ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ამ ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან. პროტესტიდან ერთ საათში 20-25 კურიერი იყო გათავისუფლებული”, – აღნიშნა აქციის მონაწილე თორნიკე ავსაჯანიშვილმა.

Share