Home » ფინანსები » ბოლო 2 წლის მანძილზე, მთავრობამ შრომითი უფლების დარღვევისთვის, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი აანაზღაურა

ბოლო 2 წლის მანძილზე, მთავრობამ შრომითი უფლების დარღვევისთვის, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი აანაზღაურა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს სასამართლოში, შრომით-სამართლებრივ დავებში, საქართველოს მთავრობის სამინისტროების  მონაწილეობის საკითხს შეეხება, შესწავლის შედეგები ბოლო ორი წლის მდგომარეობს – 2018-2020 წლებს შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ მარიამ ბარსონაძის განცხადებით, შესწავლის პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის 11 სამინისტრომ. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შემდეგ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი: 2018-2020 წლებში, საერთო სასამართლოებში, მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით, რამდენ სასამართლო დავაში, მათ შორის შრომით-სამართლებრივ საქმეზე მონაწილეობდა თითოეული სამინისტრო, რა აჩვენა სასამართლოს გადაწყვეტილებებმა დავების სამინისტროების სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ ან/და მორიგებით დასრულების შემთხვევებზე, რამდენი გათავისუფლებული თანამშრომელი აღდგა სამსახურში, რამდენ თანამშრომელს აუნაზრაურდა იძულებითი განაცდაური ან/და მიეცა ერთჯერადი სახის კომპენსაცია, რა ოდენობის თანხა იქნა ანაზღაურებული, როგორია დასაქმებული თანამშრომლების რიცხოვნება თითოეულ სამინისტროში  2021 წლის იანვრის თვის მდგომარეობით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლის ფარგლებში ყველა სამინისტრომ ოპერატიულად ითანამშრომლა და მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, რამდენიმე შემთხვევის გარდა, სრულფასოვნად მოხდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში, საქართველოს მთავრობის სამინისტროებმა სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად, იძულებითი შრომითი განაცდურის სახით, დასაქმებულების მიმართ, 1,010,480.05 ლარი გადაიხადა. შესწავლამ აჩვენა შემდეგი სამინისტროები, რომლებმაც დასაქმებულების შრომის იძულებითი მოცდენა აანაზღაურეს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიხადა 505,793.09 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტრომ – 164,536.90 ლარი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (სამინისტროს გაყოფამდე) – 73,420.80 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ – 166,729.97 ლარი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კიდევ ერთმა სამინისტრომ – საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აგრეთვე მოახდინა სასამართლოს 1 გადაწყვეტილების აღსრულება და აანაზღაურა იძულებითი შრომის მოცდენა, თუმცა სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია, თუ რა თანხის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შრომით-სამართლებრივი დავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველაზე მცირე დავა კი საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ჰქონდათ. გამოიკვეთა მხოლოდ ორი სამინისტრო – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლებსაც არც ერთი დავა არ უწარმოებიათ სასამართლოში. შესწავლის შედეგები ასე გამოიყურება:

 

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 95 საქმე;
  2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 43 საქმე;
  3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 9 საქმე;
  4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 8 საქმე;
  5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 5 საქმე;
  6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5 საქმე;
  7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 2 საქმე;
  8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – 1 საქმე;
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1 საქმე;
  10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 0 საქმე;
  11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 0 საქმე;

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგად, ბოლო ორი წლის მონაცემით, მთავრობის სამინისტროები მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით, სულ 6093 დავაში მონაწილეობდა, 2021 წლის იანვრის თვის მდგომარეობით კი, დასახელებულ უწყებებში, სულ 22,616 თანამშრომელია დასაქმებული.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგი დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოამზადა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2021 წელი საქმიანობაში შრომითი უფლებების დაცვის წლად გამოაცხადეს. გადაწყვეტილება ეფუძნება სფეროში არსებულ გამოწვევებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად რთული პანდემიამ და მისმა შედეგებმა გახადა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების იმპლემენტაცია იწვევს ცალკე ყურადღებას. ამ კუთხით, ინტერესს არ კარგავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზიც და კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება შრომის უსაფრთხოების თემატიკა. ორგანიზაცია, აგრეთვე აგრძელებს არაერთი რეზონანსული საქმის ადვოკატირებას ქართულ სასამართლოში, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საკითხებს შეეხება.

Share