Home » ფინანსები » „ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა
„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

როგორ დგინდება ლარის კურსი და რამდენად დაცულია მისი ფორმირება სპეკულაციური ფაქტორებისგან

ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. საგრძნობლად შემცირებული ინვესტიციების, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლების კლების და პოლიტიკურად არასტაბილური გარემოს პირობებში ლარმა პროცესს „ჯანსაღად” უპასუხა და გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდი კი ყველაზე მეტად დამაზარალებელია საქართველოსნაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, რადგან სამომხმარებლო პროდუქციაზე და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გარდაუვალი ხდება.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იმდენად პრობლემატურად იჩინა თავი, რომ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მოუწია მის ხელთარსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტები გამოეყენებინა, რადგან კურსის დევალვაციამ პერსპექტივაში გაზარდა ქვეყანაში თარგეთირებული ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი (ცალკე საკითხია ინფლაციის დადგენის მეთოდოლოგია, რაც ასევე კრიტიკის და განხილვის საგნად არის ქცეული).

შედეგად, ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მათ შორის ერთხელ რიგგარეშე კრების ჩატარების გზით, შეუმცირა ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით და დიდხნიანი პაუზის შემდეგ სავალუტო ინტერვენციების გაკეთებასაც არ მოერიდა.

მართალია, ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე არავინაა პასუხისმგებელი ყველაზე საპასუხისმგებლო და სუვერენიტეტის ერთ-ერთ გამომხატველ ატრიბუტზე, ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა, მის სტაბილიზაციაში ლომის წილი ეროვნულ ბანკსა და ქვეყნის ეკონომიკურ გუნდზე (ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო) მოდის.

ფინანსისტები, ეკონომისტები და მთავრობის წარმომადგენლები კურსის გაუფასურების მიზეზების ამა თუ იმ ვერსიაზე საუბრობენ, ვისთვის მისაღებ და ობიექტურ, ხოლო ვისთვის კიდევ საპირისპიროდ. მოცემულ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება კურსის ფორმირების მექანიზმზეც არ იქნებოდა ურიგო, რომელიც ასევე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის და განხილვის საგანი.

დღევანდელ მოცემულობაში კურსის ფორმირება მოქმედი წესის თანახმად, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს და რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

უფრო კონკრეტულად, დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დგინდება მოთხოვნის საშუალო შეწონილის მიხედვით, გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით.

გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება საბაზრო კურსისგან არსებითად განსხვავებული კურსით დადებული გარიგებები, არსებითად განსხვავებულ კურსად კი მოიაზრება კურსი, რომელიც დანარჩენი გარიგებების საშუალო შეწონილი კურსისგან 2.5 და მეტი პროცენტით განსხვავდება. ასევე, გარიგება დადებულად არ ითვლება თუ მისი რაოდენობა სამი ან სამზე ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აღნიშნულ პლატფორმაში ბანკები დებდნენ გარიგებებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შემდგომ დაემატნენ.

მართალია, კურსის დადგენისას ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა პრევენცია უნდა მოახდინოს და სპეკულაციური გარიგებების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა მასში მონაწილე სუბიექტებს მაინც აქვთ გარკვეული ლავირების საშუალება და ხშირ შემთხვევაში სპეკულაციურ მომენტების არსებობებსაც ვერ გამორიცხავს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რეალურად საბანკო სექტორში მხოლოდ 2 მსხვილი ბანკია, ძალიან დიდია ბაზარზე არაფორმალური გავლენის მოხდენის ალბათობა, ისეთი გარიგებების დადების ალბათობა, რომელიც შესაძლოა აცდენილი იყოს ეკონომიკურ რეალობას. ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად ეროვნულმა ბანკმა 2 წლის წინ ბლუმბერგის სისტემაში დადებული გარიგებების პროცენტული მონაწილეობის მონაცემები გამოაქვეყნა. იმდროინდელი მონაცემებით, არა ორი ბანკი, არამედ სამი ბანკის აქტიურობა გამოიკვეთა, რაც არსებულ სურათს მნიშვნელოვნად ვერ ცვლის.

ამასთან, ეროვნული ვალუტის ნახტომისებური გაუფასურებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ბლუმბერგის სისტემაში ყველაფერი სუფთად არ ხდება. ასევე, დადებული გარიგება, შესაძლოა არ შესრულდეს, რისთვისაც სანქციები არ არის გათვალისწინებული.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებდა. მაშ რატომ უფასურდებოდა ვალუტა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებდა? მოლოდინები? დიახ, არსებობს ეს ფაქტორიც, რომელიც ბიზნესსექტორს უბიძგებს იმაზე მეტი დოლარის შესყიდვას, ან არ შესყიდვას, ვიდრე მას სჭირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ლარის კურსის დადგენაში მონაწილე სუბიექტების წრე და მხოლოდ ბანკების გარდა, კურსის დადგენაში გაითვალისწინებოდეს სხვა დაინტერესებული მსხვილი ორგანიზაციების გარიგებებიც. ასევე, დადებული გარიგება აუცილებლად შესრულდეს, თუ არა, დაწესდეს შესაბამისი სანქციები და გაჩნდეს საზოგადოებაში და ბიზნესწრეებში იმის განცდა, რომ ეროვნულ ვალუტის სტაბილურობაზე ზრუნავენ ქვეყანაში მაგალითად ისე, როგორც ეს ბოლო პერიოდშია.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share