Home » ბიზნესი » ბლოკავს თუ არა „თბილისის აეროპორტის ქალაქის” პროექტს „თანაინვესტირების ფონდი”
ბლოკავს თუ არა „თბილისის აეროპორტის ქალაქის” პროექტს „თანაინვესტირების ფონდი”

ბლოკავს თუ არა „თბილისის აეროპორტის ქალაქის” პროექტს „თანაინვესტირების ფონდი”

,,მთავრობა ამ პროექტს მხარს უჭერს, თუმცა როგორც ჩანს, ბაჩიაშვილს არ უნდა”

საერთაშორისო მიმოხილველის, რადიო ,,თავისუფლებისა” (მიუნხენი) და ,,ამერიკის ხმის” (ვაშინგტონი) ყოფილი ჟურნალისტის, ფინანსისტ გიორგი ჩხუბიანიშვილის თქმით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარე 83 ჰექტარის ტერიტორიაზე ,,თბილისის აეროპორტის ქალაქის” პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

პროექტი, როგორც ჩხუბიანიშვილი აცხადებს, ცნობილი გერმანელი სპეციალისტების მიერაა შემუშავებული. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა კი აღნიშნული პროექტი ბიძინა ივანიშვილის დაუმალა და შეცდომაში შეიყვანა ის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

გიორგი ჩხუბიანიშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები, ქალაქის მერია, რკინიგზა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ასევე, მას აქვს მათგან მხარდამჭერი წერილები.

ჩხუბიანიშვილი აცხადებს, რომ ,,თანაინვესტირების ფონდში” ,,თბილისის აეროპორტის ქალაქის” პროექტი ორთაჭალაში ლოგისტიკური ცენტრის აშენების პროექტი ჰგონიათ და არ იციან, რომ ამ პროექტს მაღალი მხარდაჭერა აქვს.

რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, იყო თუ არა პროექტი შეთავაზებული თანაინვესტირების ფონდისთვის, პროექტის არსებობის შემთხვევაში რატომ იქნა იგი უარყოფილი და იყო თუ არა ყველაფრის საქმის კურსში ყოფილი პრემიერი, პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ,,ბანკები და ფინანსებმა” კითხვით მივმართეთ ,,თანაინვესტირების ფონდს”.

ფონდში განგვიცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

,,მსგავს ინფორმაციას არ ვადასტურებთ. ზოგადად, კი მოგახსენებთ რომ ყველა პროექტს აქვს განხილვის სტანდარტული ფორმა და უარის შემთხვევაში კონკრეტული მიზეზი”, – განგვიცხადეს ,,თანაინვესტირების ფონდში”.

ჩხუბიანიშვილი კი აცხადებს, რომ მთავრობაში მისვლის გარდა, ისინი ასევე მივიდნენ ,,თანაინვესტირების ფონდშიც”. როგორც ის აღნიშნავს, დაპირების მიუხედავად, ბაჩიაშვილი არ დაესწრო შეხვედრას, რომელსაც გერმანული ფირმის ხელმძღვანელი დაესწრო. ფონდში მათ საუბარი ჰქონდათ თანაშემწეებთან, რომლებსაც პროექტი არ აქვთ. იმ დროს ბიზნეს–გეგმა მზად არ იყო. ეს იყო მხოლოდ საუბარი, რომელსაც ბაჩიაშვილი არც დაესწრო და არც აქვს ფონდს ბიზნეს გეგმა და არც გამოუხატავს რაიმე სურვილი თუ ინტერესი, ხოლო ბაჩიაშვილი ცრუობს როცა ამბობს რომ მან იცის ეს პროექტი. ჩხუბიანიშვილი არ ასახელებს იმ პირს, ვინც ბაჩიაშვილთან მივიდა და პირადად ჰკითხა საკითხზე. მისივე თქმით, ის პირი ადრე მთავრობაში იყო, დღეს კი კერძო პირია.

ჩხუბიანიშვილი ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ეს პროექტი აქვს და მხარს უჭერს, მაგრამ ბაჩიაშვილს როგორც ჩანს, არ უნდა.

,,ამ პროექტის ნაწილობრივ დაფინანსებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის გერმანული DEG. ამ პროექტის შესახებ იციან ფოლკსვაგენში, ინგოლშტატში. ეს პროექტი გააცნეს გერმანულ IKEA-ს, რომელსაც ასევე აინტერესებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჩვენთან წარმოების დაწყება. საჭიროა სტრატეგიული ინვესტორი. ჩვენ რამდენიმესთან გვქონდა გაცნობითი საუბარი. საქართველო სარისკო ქვეყნად მიაჩნიათ და მაღალ მოგებას ითხოვენ გამომდინარე საქართველოს დაბალი საინვესტიციო რეიტინგიდან. თანაინვესტირების ფონდი აქ დაგვეხმარებოდა, მაგრამ ეს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობა ხელს გვიშლის და ბიძინა ივანიშვილს არაფერს ეუბნება”, – აცხადებს ჩხუბიანიშვილი.

უნდა ითქვას, რომ ყოველი ახალი და თან მასშტაბური პროექტი, არის ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, თანაც ისეთი ტრანსფორმაციული ეტაპის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელოვანესი. იხილავს თუ არა დღის სინათლეს მსგავსი შინაარსის პროექტი მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი აზრთა სხვადასხვაობაა, რაც პირველ რიგში ამ ფონდის მიერ წარმოებული საქმიანობის ბუნდოვანებით არის გამოწვეული, რაშიც იგულისხმება, ის რომ ფონდის მხრიდან საზოგადეობის ინფორმირებულობა განხორციელებული პროექტების შესახებ დაბალია.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share