Home » ეკონომიკა » ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 15.0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია.

როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, 2021 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 21.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

„მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში, მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 27.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.5 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის III კვარტალში 22.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 13.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.2 პროცენტით მეტი).

2021 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.3 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2021 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.2 პროცენტი) და ვაჭრობა (19.3 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.4 პროცენტიანი წილი უჭირავს.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 77.2 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 5.4 პროცენტი; იმერეთი – 4.8 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.4 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.2 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 61.7პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი; იმერეთი – 7.4 პროცენტი; ქვემო ქართლი – 7.3 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share