Home » ბიზნესი » ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა – „ბილაინმა“, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია „ნოკიასთან“, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

როგორც დღეს მხარეებს შორის გამართულ პრესკონფენფერენციაზე განაცხადეს, ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მომსახურებას, ქსელის წარმადობას, დაცულობას და ასევე, 5G ტექნოლოგიის განვითარებისთვის მზაობას გულისხმობს.

ხელშეკრულების ფარგლებში, „ბილაინი“ ასევე დანერგავს „ნოკიას“ ტექნოლოგიას – HLR, რის შედეგადაც „ნოკია“ კომპანიის ქსელის მხარდამჭერი გახდება. „ბილაინის“ ინფორმაციით, HLR ძირეული კომპონენტია, რადგანაც პასუხს აგებს აბონენტთა მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე.

„ბილაინის“ გენერალური დირექტორის ლაშა ტაბიძის განცხადებით, ქსელის მოდერნიზაციით „ბილაინი“ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებს.

„ეს არის საკვანძო მიღწევა „ბილაინისთვის“, რის შედეგადაც ჩვენს აბონენტებს შევთავაზებთ სანდო, სტაბილურ ქსელს, მომხარებლის საუკეთესო გამოცდილებასა და მომსახურებას. „ნოკიას“ ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს „ბილაინს“ საჭირო ადაპტაციის უნარით, მზაობითა და პოტენციალით, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა უსადენო ინტერნეტზე, ციფრულ ეკოსიტემასა და გაუმჯობესებულ 4G მომსახურებაზე, ასევე სამომავლოდ 5G ტექნოლოგიის შეთავაზებისთვის. ძალიან მოხარული ვართ რომ პარტნიორად შევარჩიეთ „ნოკია“, წამყვანი კომპანია ტექნოლოგიურ სფეროში,“ – განაცხადა ლაშა ტაბიძემ.

ამასთან, როგორც „ვიონი“ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა კაან თერზიოღლუმ აღნიშნა, საქართველოში მომხმარებლებს სულ უფრო მზარდი მოთხოვნა აქვთ.

„საქართველოში ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია „ნოკიასთან“ ერთად, მიუთითებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობაზე და გააუმჯობესებს ჩვენს შესაძლებლობებს, შევუქმნათ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება „ბილაინის“ 4G ქსელში და დაგვეხმარება მოვემზადოთ 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის მომავალში. ჩვენს მომხმარებლებს საქართველოში აქვთ სულ უფრო მზარდი მოთხოვნა სხვადასხვა სახის გამოცდილებაზე, რომელიც ეფუძნება კავშირგამბულობასა და ციფრულ მომსახურებას. ჩვენი ინფრასტრუქტურის ეს მნიშვნელოვანი განახლება შესაძლებლობას გვაძლევს მოვემსახუროთ უკეთ და უკეთესი შიდა ეფექტიანობით“, – აღნიშნა კაან თერზიოღლუმ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ აღნიშნული ქსელის მოდერნიზაცია თითქმის სრულად ავტომატიზირებული იქნება და განაპირობებს გაზრდილ საოპერაციო ეფექტურობას, რაც „ბილაინს“ შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილოს აბონენტთა მზარდი მოთხოვნა გაზრდილ გამტარიანობაზე, მომსახურების ხარისხსა და საიმედოობაზე, ისევე როგორც მხარდაჭრას გაუწევს ინოვაციური პროდუქტებისა და გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას. მათივე ცნობით, HLR-ის გარდა, „ბილაინი“ „ნოკიას“ ტექნოლოგიებს CMG და CMM შეიძენს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მზადყოფნას 5G ტექნოლოგიის სწრაფი დანერგვისთვის, ქსელში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების გარეშე.

„ნოკიას“ ვიცე-პრეზიდენტის და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხელმძღვანელის მიკკო ლავანტის განცხადებით, ქსელის მოდერნიზაცია „ბილაინს“ მისცემს უნარს, რომ სწრაფად გადავიდეს 5G ტექნოლოგიაზე.

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ „ბილაინს“ მისი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე ამ მნიშვნელვიანი ნაბიჯის განხორციელებაში. ძირითადი ქსელის მოდერნიზება შესაძლებლობას მიცემს კომპანიას მომხმარებელს შეთავაზოს უფრო ხარისხიანი, ეფექტური და მყისიერი რეაქციის მქონე გამოცდილება და უნარს სწრაფად გადავიდეს 5G ტექნოლოგიაზე, როდესაც საქართველო დაიწყებს მის განვითარებას“, – განაცხადა მიკკო ლავანტიმ.

ცნობისთვის, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში იგეგმება.

Share