Home » ახალი ამბები » ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო
ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო

ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო

ფრანგი სტუმარი საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო”  მონაწილეობდა

დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში    საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და  გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

შეხვედრის შემდეგ ბერნარ კუშნერი  საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” მონაწილეობდა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს ჯანდაცვის რეფორმირებაში აქტიური ჩართვისთვის და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობისთვისა და დახმარებისთვის: „მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ბატონ ბერნარდ კუშნერს, ადამიანს, რომელმაც აგვისტოს ომის დროს 2008 წელს ომის წინა ხაზზე მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ინაწილებდა იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ბატონი ბერნარდ კუშნერი ჩენს მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა ფრონტის წინა ხაზზე მაშინ, როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში. ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება“.

საქართველოს პრემიერმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა  და დადებითად შეაფასა „გლობალური ალიანსის“ ჩართულობა: „ბატონი კუშნერი სულ სხვა ამპლუაში ჩამობრძანდა საქართველოში. იგი გახლავთ პროფესიით ექიმი, რომელიც 7 წელი იყო საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. მას აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის სფეროში საფრანგეთში, ამიტომ მისი და „გლობალური ალიანსის“  აზრი და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

პრემიერი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც   წარმატებული, უპრეცედენტო  და უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამა უწოდა: „ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების  ბოლომდე აღმოფხვრას. დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. პირველი ეტაპის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა უკვე  დავიწყოთ მეორე ეტაპი. ეს იქნება მართლაც საერთო გამარჯვება, რადგან დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელსაც ჰქვია C ჰეპატიტი. ეს წარმატება არის ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ჩვენი მინისტრის, ბატონ სერგეენკოს როლი მინდა აღვნიშნო და მის გუნდს, მთელ სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტების განხორციელებაში.  

ბერნარ კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, პრეოქტები და პროგრამები და ჯანდაცვის სამინისტროს  გაწეული ძალისხმევისთვის  მადლობა გადაუხადა: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ  შედეგებს მიაღწია და  სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. საქართველო პირველ ადგილზე არის C ჰეპატიტის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამის განხორციელების თალსაზრისით და 5000 ადამიანი უკვე იღებს ამ მედიკამენტებს. და ისინი თითქმის განკურნებულები არიან ამ ვირუსისგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფარმაცევტიკა. როდესაც ადამიანს შეუძლია მიიღოს პრეპარატი, რომელიც მას სჭირდება. ჯენერიკები, რომლებიც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან , ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევთავაზოთ ჯენერიკები უფრო დაბალ ფასად, მაგრამ ამ სისტემასაც სჭირდება მუდმივი კონტროლი“.

კუშნერმა საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი, როდესაც ჯენერიკ პრეპარატებს მოსახლეობა  ეჭვის თვალით უყურებდა.  თუმცა შესაბამისი პროცესების გატარების შემდეგ, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. საქართველოში აუცილებელია ამ მიმართულებით ინფორმაციულობის დონის ამაღლება. მოგვიწევს მოქალაქეთა განსაკუთრებულ ჯგუფთან მუშაობა, ასევე ექიმებთან, ფარმაცევტებთან. ოჯახის ექიმმა თავის მხრივ უნდა აუხსნას პაციენტს თუ რა არის ჯენერიკი, რით განსხვავდება ბრენდულ მედიკამენტისგან და ა.შ.  უნდა იყოს მუდმივი დიალოგი ხალხთან. დიალოგში თვითონ სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

Share