Home » საზოგადოება » ბექა ფერაძე – თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება

ბექა ფერაძე – თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან.

მისი თქმით, 8 მარტიდან შიდა სივრცეში ფუნქციონირებას კვების ობიექტები, ასევე სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები განაახლებს. გარდა ამისა, ბექა ფერაძის თქმით, ხვალიდან ნებადართული ხდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისადმი დაწესებული შეზღუდვები. როგორც მოგეხსენებათ, შიდა სივრცეებში დღეის მდგომარეობით მათი ფუნქციონირება აკრძალულია, ამიტომ, 8 მარტიდან ეს შეზღუდვა იხსნება და გარდა შაბათ-კვირისა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება.

8 მარტიდან ასევე ფუნქციონირებას განაახლებს სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები. ასევე ერთი სიახლე, რომელიც ამავე პერიოდში ძალაში შედის, 8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც შაბათ-კვირის, ასევე ნებისმიერი სხვა დღის განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე“,-განაცხადა ფერაძემ.

მან აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.

სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი“,-განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, 2 კვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება.

„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება“,-განაცხადა ფერაძემ.

Share