Home » საზოგადოება » ბექა ფერაძე: პანდემიის დროს რესტორნების მხრიდან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია

ბექა ფერაძე: პანდემიის დროს რესტორნების მხრიდან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია

პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოსთან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ეკონომიკური საქმიანობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენება მოხდება.

„ჩემი გადმოსახედიდან, პანდემიის დროს ცოტა უხერხულია სახელმწიფოსთან ასეთი ტონით საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ საპროტესტო აქციებზე. ბუნებრივია, ყველას შეუძლია პროტესტის გამოხატვა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუკი თვითნებურად განახლდება ეკონომიკური აქტივობა, როგორც უკვე არაერთგზის ვახსენე, გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია. ბოლო პერიოდში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეკონომიკის გახსნისკენ არის მიმართული. ეს პროცესი ნამდვილად დაწყებულია. თუ ვინმე მხარს უჭერს ამ პროცესს, ცხადია, ეს არის სახელმწიფო, ვინაიდან მის ინტერესში შედის როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე ბიზნესის ხელშეწყობა.

როგორც უკვე დაანონსდა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ყოველკვირეულად მოხდება გადახედვა და თუ რამის შესაძლებლობა იქნება, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ვერ იქნება პროტესტის ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იქნება აბსოლუტურად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაფუძნებული. გვესმის ყველა პრობლემა, ვაანალიზებთ, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამ ბალანსის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

Share