Home » საზოგადოება » ბენზინის შემდეგ ავტოგაზიც ძვირდება
ბენზინის შემდეგ ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინის შემდეგ ავტოგაზიც ძვირდება

ლარის კურსის გავლენას ვერც ავტოგაზი გადაურჩება.
კომპანიებში არ მალავენ, რომ ფასების შენარჩუნება უჭირთ, რადგან ვალუტის გაუფასურების გამო თვთიღირებულების ხარჯი გაიზარდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი”წერს, ბუნებრივი აირის რეალიზატორები ნელ-ნელა იწყებენ გაძვირებას. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი დაჩქარდეს კიდეც.

როცა ბენზინის ფასი მკვეთრად ძვირდება, პარალელურად ავტოგაზის ფასიც მაღლა იწევს. ახლა კომპანიებში საამისოდ საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვთ – ლარი დღითი დღე უფასურდება, ხოლო ბენზინის ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს – 1 კუბ/მ გაზსა და 2 ლ ბენზინს შორის სხვაობა თითქმის 1 ლარს აღწევს.

ზოგიერთ კომპანიაში შესაძლო გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ საფასო ცვლილება გარდაუვალია. გაზგასამართ სადგურებში შიშობენ, რომ გაძვირება რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

კომპანიებში არ გამორიცხავენ, რომ ავტომობილებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ფასმა 5-10 თეთრის ფარგლებში მოიმატოს. დაახლოებით ამდენივეთი გაძვირდა ცოტა ხნის წინ თხევადი გაზიც, რაზეც განსაკუთრებული გავლენა აქციზის გაძვირებამ მოახდინა. სექტემბრიდან 1 ტონა თხევადი გაზის აქციზის გადასახადმა 60 ლარით მოიმატა და 180 ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო მოხმარების თხევადი გაზის ტარიფი და, შესაბამისად, ფასიც.

ამ ეტაპზე 1 კბ/მ ბუნებრივი გაზის ფასი გაზგასამართ სადგურებში 1,40-1,45 ლარის ფარგლებშია, ხოლო თხევადი გაზი 1,25 ლარამდე ღირს.
კომპანიების სადგურების წარმომადგენლები „ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობენ, რომ არსებული ფასით მუშაობას დიდხანს ვერ შეძლებენ. “აისლეტ გრუპის” რეგიონული მენეჯერი იური ჯიბუტი აღნიშნავს, რომ თუკი ლარის დევალვაციის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება, ავტოგაზი გაძვირდება.

„კურსის გამო ბაზარზე არასტაბილურობის განცდაა. არ გამოვრიცხავ, ფასები სამომავლოდ გადაიხედოს. დღევანდელ ტარიფებს რამდენ ხანს შევინარჩუნებთ, ამის თქმა ძნელია. გაზს უცხოელი პარტნიორებისგან ვყიდულობთ და მთლიანად სავალუტო კურსზე ვართ დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

საზოგადოების უკმაყოფილებას ვერიდებით და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ, მაგრამ ასე გაგრძელებაც უკვე შეუძლებელია. უახლოეს პერიოდში ნამდვილად არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამომავლოდ სავსებით შესაძლებელია, რომ ფასების გადახედვა მოხდეს, თუკი ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება”, – ამბობს ჯიბუტი.

კომპანიების ნაწილში შესაძლო გაძვირებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. „ნეოგაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, რომ საფასო ცვლილება ამ ეტაპზე არ დაუგეგმავთ.

წყალსაცავის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი კი პირდაპირ ამბობს, რომ გაზის გაძვირება მოუწევთ, რადგან შესასყიდი ღირებულება გაიზარდა.

„კურსის გამო სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ მაჩვენებელზე ლარის გაუფასურებას არავინ ელოდება, ბაზარზე გაურკვევლობაა. სანამ შეგვიძლია, არსებული ფასის შენარჩუნებას შევეცდებით, მაგრამ გაუფასურების პარალელურად ესეც არ იქნება ადვილი. თვითღირებულების ხარჯი გაიზარდა.

სხვა კომპანიებში რა ხდება, არ ვიცი. ფაქტია, რომ გაძვირება არავის უნდა, ეს რეალიზაციაზეც მოქმედებს და ბიზნესისთვის ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება რთულად მისაღებია, მაგრამ ახლა ჩვენც ჩიხში ვართ. ძვირად გვიწევს პროდუქციის შესყიდვა. ლარის ნაადრევმა გაუფასურებამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. რეალურად რა მოხდება, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ არსებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია”, – აღნიშნა კომპანიის თანაშრომელმა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

არ არის გამორიცხული, ცვლილება შეეხოს თხევადი გაზის ფასსაც, რომელიც ერთხელ უკვე შეიცვალა – აგვისტოში 5 თეთრით გაიზარდა. როგორც კომპანია „ჯორჯია გაზ იმპორტის” ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აღნიშნავს, მომდევნო 1 კვირაში ფასს არ შეეხებიან, მაგრამ სამომავლოდ პირობას ვერ დებს.

„საწვავის ფასზე, მათ შორის, თხევად გაზზეც, გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი. ორივე ფაქტორი ჯერჯერობით არასახარბიელოა. თანაც, პრობლემაა ისიც, რომ თხევადი გაზის დიდი რაოდენობით შესყიდვა არ ხდება, რადგან ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს წესრიგში.

შესანახი რეზერვუარები არის, რის გამოც „ელპიჯის” იმპორტი მცირე მარაგით ყოველ კვირას ხდება. ფასს რაც შეეხება, აგვისტოში 1,24 ლარიდან 1,29 ლარამდე გაძვირდა. უახლოეს 1 კვირაში ამ ფასს შევინარჩუნებთ, მაგრამ რა მოხდება შემდეგში, პროგნოზს ვერ შევძლებ”, – აცხადებს ხოფერია.

კომპანია „აირბალონის” წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ავტოგაზის გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ კურსის გამო კომპანიების მხრიდან ნებისმიერი ასეთი მცდელობა მოსალოდნელია. მანვე საწვავის ფასსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მოსახლეობას გაზრდილი ხარჯი აუცილებლად ტვირთად დააწვება.

„წესით, კომპანიებისთვის გაზზე დაბალი ფასის შენარჩუნება ხელსაყრელია, რადგან იგი ბენზინის კონკურენტია, დაბალი ფასით კი უკეთეს კონკურენციას გაუწევს. ლარი კატასტროფულად უფასურდება, ხოლო იმპორტიორებს კონტრაქტები დოლარში აქვთ გაფორმებული. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ლარის კურსის გამო ფასები შეცვალონ.

მორიგი გაძვირება მტკივნეული იქნება მთელი ქვეყნისთვის და ამ უარყოფით შედეგს მწვავედ იგრძნობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავტომობილით ინტენსიურად მოძრაობს. ყოველგვარი გაძვირების და მონოპოლიის წინააღმდეგი ვარ. საწვავის ფასზეა დამოკიდებული ბევრი რამ, შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც გააძვირებენ. ვშიშობ, სამრეწველო წარმოების ფასიც გაიზრდება”, – აცხადებს რამიშვილი.

გაზეთი „რეზონანსი”

Share