Home » მსოფლიო » „ბელარუსის უარი, ქვეყანაში რუსული სამხედრო ავიაბაზის განთავსებაზე, უსიამოვნო სიურპრიზი იყო”
„ბელარუსის უარი, ქვეყანაში რუსული სამხედრო ავიაბაზის განთავსებაზე, უსიამოვნო სიურპრიზი იყო”

„ბელარუსის უარი, ქვეყანაში რუსული სამხედრო ავიაბაზის განთავსებაზე, უსიამოვნო სიურპრიზი იყო”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელარუსის უარს, ქვეყანაში რუსული სამხედრო ავიაბაზის განთავსებაზე, „უსიამოვნო ეპიზოდად“ აფასებს.

„ეს ქმედება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. თუმცა, მთავარია შინაარსი და არა ფორმა. რაც შეეხება შინაარსს, ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი 100- პროცენტიანი მოკავშირეა,“ – განაცხადა ლავროვმა Kommersant-თან საუბარში.

რუსი დიპლომატის განმარტებით, ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის ჯარი „იცავს საერთო ინტერესებსა და ტერიტორიას”. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს „ერთობლივი სამოქმედო პროგრამა” საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

„ეს დოკუმენტი პუნქტუალურად და ზედმიწევნით აღწერს იმ ერთობლივ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ მომავალში გადავდგამთ”, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნული დოკუმენტის უნიკალურობას ხაზი გაუსვა.

შეგახსენებთ, კრემლმა ბელარუსს მის ტერიტორიაზე რუსული ავიაბაზის განთავსება 2015 წელს შესთავაზა. მოსკოვი იმედოვნებდა, რომ ბელარუსში სუ-27 ტიპის ავია გამანადგურებლებს განათავსებდა. თუმცა, ბელარუსმა შარშან განაცხადა, რომ ის ქვეყანაში რუსული ავიაბაზის განთავსების საჭიროებას ვერ ხედავდა, ვინაიდან ასეთი ნაბიჯი რეგიონში დაძაბულობის გამწვავების რისკს ქმნიდა.

ipn.ge

Share