Home » მსოფლიო » BBC – ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა

BBC – ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ცდამ აჩვენა, რომ ის დაინფიცირებისგან ადამიანების 70%-ს იცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების შედეგზე, თუმცა ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინა გაცილებით იაფია, მისი შენახვაც უფრო იოლია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივი იქნება.

ვაქცინის კანდიდატზე ჩატარებულ ცდაში 20 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ცდამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ვაქცინის ორი დოზით აცრილი 30 მონაწილე დაინფიცირდა, 101 ინფიცირებულს კი პლაცებო ჰქონდა გაკეთებული. მკვლევარების თქმით, ვაქცინის ეფექტურობა 70% -ია.

აღსანიშნავია, რომ როდესაც მოხალისეებს ვაქცინის ორი დიდი დოზა გაუკეთეს, დაცვის მაჩვენებელი 62%-ი იყო, მაგრამ როდესაც პირველად ვაქცინის მცირე, შემდეგ კი – დიდი დოზა გაუკეთეს, ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. მკვლევარები ამ განსხვავების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხსნიან.

გაერთიანებულ სამეფოს ოქსფორდის უნივერსტიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის 100 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისათვისაა საკმარისი.

ipn.ge

Share