Home » საზოგადოება » ბათუმის და ფოთის პორტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გემებს მიიღებენ
ბათუმის და ფოთის პორტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გემებს მიიღებენ

ბათუმის და ფოთის პორტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გემებს მიიღებენ

პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვას გულისხმობს. ცვლილება საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში შევიდა. კანონპროექტი ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.

„კომერსანტი“ დაინტერესდა ნიშნავს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საზღვაო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის?

საკითხზე ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი საუბრობს. იურისტი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კონტაქტების, მიმოსვლის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს მოხდეს ერთგვარი შერიგების წახალისება, იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან დაახლოება და ინტეგრაცია. ჩვენ ორი ძირითად მიმართულება გვაქვს. პირველი ეს არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ რომელიც ერთის მხრივ ითვალისწინებს ვაჭრობის მიმართულებას. 2018 წელს საგადასახადო კოდექსში სპეციალური ცვლილებები შევიდა. პროგრამამ გაითვალისწინა პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები და სპეციალური გამარტივებული რეჟიმი შემოიღო ლეგიტიმურად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რათა მათ მიანიჭოს საიდენტიფიკაციო პირადობის ნომრის მსგავსი სპეციალური კოდი. მეორე მიმართულება ეხება განათლებას- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეს წამახალისებელი ღონისძიებები არ ნიშნავს ერთჯერად პროგრამას, ცვლილებები მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა. მაგალითად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში გაჩნდა სპეციალური საწარმოს სტატუსი,  ამ სტატუსის მინიჭებას უშუალოდ შემოსავლების სამსახური ახდენს. ცვლილებები შევიდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში რომელმაც გაითვალისწინა აღნიშნული ტიპის ურთიერთობა. ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც განსაზღვრავს როგორ შეიძლება ეკონომიკურად აქტიურობა ლეგიტიმურად განახორციელო ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გაჩნდა ცნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რამაც შესაძლებლობა გაგვიჩინა გაღრმავდეს და წახალისდეს ურთიერთობები“,- განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

როგორც ბიზნეს-ამართლის სპეციალისტი ამბობს, კანონმდებლებმა შესაძლებლობა გააჩინეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდეს და ქართული იურისპრუდენციით ექსპორტზე გავიდეს.

„თუ კი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის  ფარგლებში მოხდება შეთანხმება და სპეციალური სტატუსის საწარმოს შექმნა,დღის წესრიგში დგება საკითხი როგორ უნდა წამოვიდეს და როგორ უნდა მოექცეს საქონელი ეკონომიკურ ბრუნვაში? ამიტომ კანონმა გახსნა შესაძლებლობა და შესაძლებელი გახდა ლეგიტიმურად ოკუპირებული ტერიტორიიდან წარმოებული საქონლი საქართველოს იურისდიქიცაში მოექცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია ამ საქონლის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა. კანონმა იქვე გაითვალისწინა რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის გადატანა არ ხდება.“, -განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“კითხვაზე აღდგება თუ არა საზღვაო მიმოსვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის აკაკი ჩარგეიშვილი გვპასუხობს.

შესაძლებელი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ლეგიტიმური პირი,რომელიც დაკავებულია მაგალითად თევზის რეწვით საზღვაო ეკვატორიით შემოვიდეს ფოთის ან ბათუმის პორტში და იქ მოპოვებული თევზი შემოიტანოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის საკანონმდებლო ჩარჩო,რომელიც 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა. შესაბამისად, საქონლის გადმოტანა დიდი ხანია ლეგიტიმურად შეიძლება. ამ ჭრილში თუ შევხედავთ ჩვენ საზღვაო მიმოსვლის ნაწილს, აქ იურისდიქცია ვიწროვდება და ეს ეხება კონკრეტულად სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიას რომელიც ქართული კანონის იურისდიქციის ქვეშ იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“,– ამბობს იურისტი .

 ჯერჯერობით უცნობია გემი ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში რა დროშის ქვეშ შევა, თუმცა შესაძლებელია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საზღვაო სივრცეში გემი არ აღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის დროში ქვეშ შემოვიდეს. საკითხთან დაკავშირებით აკაკი ჩარგეიშვილის განმარტება შემდეგია:

 „საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა გვქონდეს. თუ  გემი შემოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის გემი, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ კომპანიას. კონკრეტული კომპანია ქართული იურისდიქციით განსაზღვრული არის სპეციალური რეჟიმის საწარმოს სტატუსით, ლეგიტიმაცია გაცემულია ქართული კანონმდებლობით და აქედან გამომდინარე, იგულისხმება,რომ მისი დროშა არის ქართული. გემი არის ფაქტი, რომელიც ბალანსზე ერიცხება სპეციალური საწარმოს სტატუსი მქონე კომპანიას, რომელიც არის ქართული საწარმო“, – განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

  ამ დროისთვის უცნობია ისიც, მიიღებენ თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები იმ ინიციატივებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს. ასევე უცნობია, ისიც თუ რამდენად მისცემს აფხაზეთის არ აღიარებული მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ლეგიტიმურ პირებს საშუალებას ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში.

 „რეალურად ოკუპანტ სახელმწიფოს და დეფაქტო ხელისუფლებას ცხადია, რომ ამ ტიპის წამახალისებელი ღონიძიებები არანაირად არ სჭირდება განვითარებისთვის. თუმცა ის ვერსად გაექცევა იმ ფაქტებს, რაც ჩვენდა სასიკეთოდ ჯანდაცვის სისტემაში ხდება. უამრავი ადამიანი გადმოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ჯანდაცვის მიმართულებით ბევრ სერვისს იღებს. როდესაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ახალგაზრდები ფეხბურთის საყურებლად ჩამოვიდნენ, საკითხს დიდი განხილვები მოჰყვა, მათ დაჭერით ემუქრებოდნენ, თუმცა, იქვე გავრცელდა დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის  საუბარი, რომ ისინი გვერდს ვერ აუვლიან არსებულ რეალობას, რომ მათ სამედიცინო დახმარება სჭირდება. აქედან გამომდინარე,  პირველი ნაბიჯია ჯანდაცვა, მეორე-განათლება, მესამე -ვაჭრობა, ამას გვერდს ვერ აუვლიან. ეს არის მათთვის დამატებით შემოსავლები, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. ეს პროცესი ათეთრებს იმ ურთიერთობას, რომელიც შესაძლებელია არსებობს. ცხადია,რომ ნეგატიური ასახვა ექნება დეფაქტო მთავრობის მხრიდან თუმცა, ადამიანური ურთიერთობის განვითარების ხელის შეშლა არ გამოუვათ“,– განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

ბაჩო ადამია

commersant.ge

Share