Home » საზოგადოება » ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა პროექტს – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ იწყებენ

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა პროექტს – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ იწყებენ

„ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ერთობლივად, იწყებენ პროგრამის განხორციელებას – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. შემდეგ წლებში, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, კორპუსია ავარიული სტატუსის მქონე და 1 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მომავალ წელს, 20 მილიონი ლარის ფარგლებში, კონკრეტულ მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას გავწევთ. დაიწყება ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების ეტაპობრივად დაკმაყოფილება. 4 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება, მერიისა და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით.

ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შევთავაზებთ კონკრეტულ, გარემონტებულ ბინებს. ამის პარალელურად, დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სრულად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს. გარდა ავარიული სახლებისა, ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, გვაქვს სახლები. შესაბამისად, ორი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, დავხარჯოთ 10 მილიონ ლარზე მეტი ამ სახლების რეაბილიტაციისთვის.

იქ მცხოვრები ოჯახები რეაბილიტირებულ სახლებში გააგრძელებენ ცხოვრებას. ასევე, ცოტა მოგვიანებით, ჩვენ კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში.

ერთი მხრივ, ეს მოიცავს როგორც რეგულაციების კუთხით გარკვეულ სტიმულებს, ასევე ფინანსურ თავდებობას, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ფინანსურ მდგრადობას და კერძო სექტორიც ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებაში.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც, სამწუხაროდ, დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Share