Home » საზოგადოება » ბათუმიდან – ნამახვანამდე

ბათუმიდან – ნამახვანამდე

“ბათუმიდან – ნამახვანამდე”, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ პოსტს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე.

“ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ეხლა ბათუმის ყველასათვის შემზარავი ფაქტების შემდეგ მინდა პარალელი გავავლო ბათუმის მოვლენებსა და ნამახვანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის.

ტრაგედია, რომელიც ბათუმში დატრიალდა, არა მხოლოდ ბანალურია, არამედ საკვირველიც, ადამიანური უგუნურების ის მასშტაბი, რაც სამშენებლო კუთხით გვაქვს საქართველოში, აქამდე როგორ არ დასრულდა მსგავსი ტრაგედიით. ვერ ვიტყვით, რომ მომხდარი ტრაგედია უპრეცედენტოა, მსგავსი გასულ წლებშიც მომხდარა, მათ შორის ანალოგიური მიზეზითაც, თუმცა გავრცელებულმა კადრებმა და მსხვერპლმა ყველა შეძრა.

ნათელი გახდა, რომ ჩადენილი უგუნურება და დანაშაული არა ცალკეული, ეპიზოდური გადაცდომაა, არამედ დიდხნიანი პრაქტიკის, განუკითხაობის, დამოკიდებულებისა და უპასუხისმგებლობის გამოვლინება.

კანონმდებლობის დერეგულაცია, პოპულიზმი და საყოფაცხოვრებო სიდუხჭირე ნელი მოქმედების ნაღმების ჩასადებად ყველაზე ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა.

სწორედ ერთ ასეთ ნაღმზე მსურს ვილაპარაკო, რომელიც ეხლა მზადდება, ჩვენს თვალწინ, ჩადებულიცაა, გააქტიურებულიც და მის დამანგრეველ შედეგს ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ამ ნაღმის მოქმედების ხელშეშლაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში სახელმწიფოა, თუმცა საზოგადოებრივ აზრსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და ამჯერად, სწორედ თემით დაინტერესებულ აუდიტორიას მსურს მივმართო. ბოლოსდაბოლოს, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ვერავითარი პროცესი წარმატებას ვერ მიაღწევს. მსგავსი უგუნურებით წარმოშობილი პრობლემები ყოფიერების თითქმის ყველა ასპექტში გაგვაჩნია, სწორედ ამიტომ გვმართებს მეტი სიფრთხილე და სპეციალიზებულ ცოდნაზე დაფუძნებული აზროვნება.

გასული 1 წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო პროცესი არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ ენერგეტიკამ შვა. ვარლამ გოლეთიანის აღზევებამ და დაცემამ 2021 წელს ხალხის წიაღიდან აღმოცენებული უგუნურება და პოპულიზმი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და თავისი რეზონანსით ანტივაქსერული ფუნდამენტალიზმიც კი გადაფარა. ვიდრე პროტესტის მხარდაჭერები და ორგანიზატორები ათასგვარ მითს ავრცელებდნენ ურანის საბადოების აღმოჩენით დაწყებული თურქული ოკუპაციით დასრულებული, დეზინფორმირებული მოსახლეობისთვის უცნობი რჩება ის ძირითადი ფაქტები და მდგენელები, რაც ჩვენს ყოფა-ცხოვრებას განაპირობებს.

ელექტროენერგია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნად ენერგოპროდუქტს წარმოადგენს და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. გლობალური რიცხვებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ჩვენი შიდა მდგომარეობის ამსახველ რამდენიმე ძირითად ფაქტს გაგაცნობთ:

საქართველოს მოხმარებამ 13.5 მილიარდ კილოვატსაათს მიაღწია, ეკონომიკის ზრდის ტემპის გათვალისწინებით პოსტპანდემიური პესიმისტური პროგნოზებითაც 2030 წლისთვის ეს რიცხვი 20 მილიარდი კილოვატსაათს მიაღწევს.

ელექტროენერგიის მიღების მხოლოდ ორი გზა გვაქვს – ქვეყნის შიგნით არსებული გენერაცია და იმპორტი. იმპორტში ცხადია პირდაპირ ვიხდით ფულს. ქვეყნის შიგნით გამომუშავებული ენერგიის ნაწილში კი ფულს ირიბად ვიხდით – თბოსადგურები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, მაგრამ მათი საწვავი, ძირითადად გაზი, იმპორტირებულია, რომელიც ფული ღირს. ერთადერთი რესურსი, რომელიც მთლიანად საქართველოს განკარგულებაშია, არის ჰიდროგენერაცია.

ჰიდროელექტროსადგურებით ელექტროენერგიის მიღება მთლიანად ჩვენს განკარგულებაშია და არცერთ ქვეყანაზე არ ვართ დამოკიდებული.

საკუთარი გენერაცია დღეს წლიდან წლამდე 8-დან 9 მილიარდ კვტ. საათამდე მერყეობს (გააჩნია როგორი ჰიდროლოგიური წელი იქნება). ანტიჰესური ისტერია და დარგის შეფერხება ამ მოცულობას ვერ გაზრდის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოხმარება გვეზრდება, გამომუშავება კი იგივეა. ეს ნიშნავს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა გავზარდოთ იმპორტის მოცულობა. იმპორტის ზრდასაც თავისი ტექნიკური წინაპირობა აქვს, გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობა უსაზღვრო არ არის, მაგრამ ამ ასპექტს ცოტა ხნით შევეშვათ. ასევე ცოტა ხნით შევეშვათ გამომუშავების სეზონურობასაც, ზამთრის სეზონზე უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ვიდრე ეს შეიძლება დეფიციტის გასაშუალოებულ წლიურ ჭრილში დავინახოთ.

ამდენად, დღეს საკითხი დგას ამგვარად – რა ვქნათ, ვიყიდოთ დეფიციტური ელექტროენერგია გარედან და გადავიხადოთ ვალუტა თუ განვავითაროთ პროდუქციის წარმოება ქვეყნის შიგნით, შესყიდვა მოვახდინოთ ლარში და გავამყაროთ კურსი, წარმოებაში დავასაქმოთ ადამიანები, გავუჩინოთ შემოსავალი და ავკრიფოთ გადასახადები?

იმისათვის რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, არ ვიხელმძღვანელოთ ეროვნული მოტივებითა თუ სენტიმენტებით იმგვარადვე, როგორადაც ამას ოპონენტები აკეთებენ. რაც უფრო ირონიულია, ჰესების მოწინააღმდეგეები თან მემარცხენე იდეოლოგიით გაჟღენთილ ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად შიდა წარმოების და ინდუსტრიალიზაციის აპოლოგეტებად გვევლინებიან, თან რატომღაც ამ იდეოლოგიას მხოლოდ ავტობუსების ან ხორბლის წარმოებაზე ავრცობენ, ენერგეტიკას კი ებრძვიან. ჩვენ ასე არ მივუდგეთ, ჩვენ უბრალოდ დავთვალოთ, რა ღირს თითოეული გზა და არჩევანი.

ერთი კილოვატი იმპორტირებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული ფასი დღეს 5.5 აშშ ცენტია (თუმც დეფიციტურ პერიოდებში 10 ცენტამდეც ადის). 2030 წლისთვის ჩვენი დეფიციტი 11 მილიარდ კილოვატსაათს გაუტოლდება (მოხმარებულ 20 მილიარდს გამოვაკლოთ საკუთარი ამჟამინდელი გენერაცია 9 მილიარდი).

დღევანდელი იმპორტის ფასიც რომ ავიღოთ (10 წელიწადში დანამდვილებით საგრძნობლად გაზრდილი იქნება ეს თანხა) ნამრავლი გვეუბნება, რომ ამ დროისთვის დეფიციტის შესავსებად საქართველომ მეზობელ ქვეყნებს 1.9 მილიარდი ლარი უნდა გადაუხადოს. ეს რიცხვი საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტის 11 პროცენტია.

იმპორტის დაფინანსებისა და უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულების ზრდის სანაცვლოდ, პლიუს ენერგოუსაფრთხოების გაზრდილი რისკის ფონზე, ალტერნატივად გვაქვს ქვეყნის შიგნით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და შიდა გენერაცია. ეს არჩევანი კი ხარჯის ნაცვლად მხოლოდ შემოსავალს გვიქადის, რადგანაც გენერაციის განვითარება ინვესტიციის მოზიდვითაა შესაძლებელი.

დღეს არსებული შეფერხებული ენერგეტიკული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 14 მილიარდი ლარია, რომლის დახარჯვის შემთხვევაშიც ქვეყნის შიგნით ამავე ღირებულების ქონებას ვქმნით. მხოლოდ ეს ქონება გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტებს წლიურად 140 მილიონი ლარით შეავსებს. მიღებული აქტივი მთლიანობაში დაახლოებით 20 ათას ადამიანს სტაბილურად ასაქმებს მშენებლობის 4-5 წლიან პერიოდში, რაც მათ მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადსაც გულისხმობს. ეს და სხვა გადასახადები კი ქართულ ბიუჯეტს ავსებს ნაცვლად იმისა, რომ ეს ბიუჯეტი იმპორტის დასაფინანსებლად იხარჯებოდეს.

იგივეა ნამახვანჰესის ფინანსური მოდელიც. ეს ჰესი, რომლის ასაშენებლადაც უცხოეთიდან მიღებული 800 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო და ქვეყნის შიგნით მაღალი ღირებულების აქტივი მიგვეღო, წლიურად 1.5 მილიარდ კილოვატ საათს გამოიმუშავებდა. ქვეყნის შიგნით მიღებული კონტროლირებადი და გადასახადებით დაბეგრილი რესურსის ნაცვლად ელექტროენერგიის ეს მოცულობა პირდაპირ გვექნება საზღვარგარეთიდან შესასყიდი (წელს უკვე აგვისტოს მონაცემებით, მილიარდ კილოვატზე მეტი მხოლოდ რუსეთიდან გავაკეთედ იმპორტი).

გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გავაჩერეთ, საკითხი გაიჭედა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ წლების განმავლობაში ჯერ ჰესის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა, ხელშეკრულება გააფორმა, სამშენებლო ნებართვები გასცა, პროცესიც დაიწყო და ინვესტორმა ხარჯი გასწია. პროცესის დარევერსება და უკანა რიცხვით საკითხის რევიზია დადებული კონტრაქტის დარღვევას ნიშნავს, რომელიც პირდაპირი საფუძველია სამართლებრივი დავისთვის.

დავა არბიტრაჟში მალე დაიწყება და დაზარალებული მხარის მიერ სახელმწიფოსთვის მოთხოვნილი მთლიანი თანხა დაახლოებით მილიარდნახევარ დოლარზე მეტიც კი შეიძლება იყოს. მივიღეთ რეალობა, რომ ნაცვლად პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიღებისა და ქართული ენერგეტიკისათვის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი საკვანძო ობიექტის მიღებისა, სახელმწიფოს იქით გვექნება ფული ჯარიმის სახით გადასახდელი.

ამ ძალიან რეალურ რისკებს დღეს მოქალაქეები ისევე ვერ ვგრძნობთ, როგორც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მუშები ვერ გრძნობდნენ რას ჩადიოდნენ შენობის მზიდი კონსტრუქციის ნგრევისას. ჩადენილი ქმედების შედეგად რა ტრაგედიაც მივიღეთ, უკვე მომხდარზე ყველამ დაინახა. ენერგეტიკა ბევრად რთული სისტემაა, ვიდრე ის მარტივად გასაგები ქმედება, რომ შენობას ფუნდამენტი არ უნდა გამოაცალო, აუცილებლად დაინგრევა. არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ შენობებთან მიმართებაში განხორციელებული დაუშვებელი და დანაშაულებრივი ქმედებების მაგალითები და ისტორია ჩვენს ქვეყანაში ასობით და ათასობითაა. ხვალ და ზეგ როდის რა მოხდება, არავინ იცის. სამწუხაროდ არც არაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად რეალური საშიშროებების თავიდან ასარიდებლად.

ანალოგიური მოცემულობა გვაქვს ენერგეტიკაში. თან ეს იმ ფონზე, რომ ერთი დიდი ენერგეტიკული აპოკალიფსი და შიმშილი 90-იან წლებში უკვე გავლილი გვაქვს. რისკების პრევენციის უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, თუმცა დღევანდელ რეალობაში საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანი პილიტიკური მდგენელია. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა წანამძღვრებზე დგას ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რასაც ენერგეტიკა ჰქვია და ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს აწარმოებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებდეთ არჩევანს თუ რომელ მხარეს დავდგებით და რომელი იდეის გამტარებლები ვიქნებით.

ცოტა არ იყოს ვრცელი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა მესიჯი მომეტანა, რომ ყველა უპასუსიმგებლო საქციელში ჩვენ თვითონ ვართ პასუხისმგებლები და არა განყენებული მესამე პირები: მთავრობა რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, ეკლესია რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ყველაფრის მცოდნე ექსპერტები და ინფლუენსერები რომლებსაც ჩვენ ვადიდებთ. საბოლოოდ კი ზიანდებიან ის ოჯახები რომლებიც ბათუმში კორპუსის ქვეშ მოყვნენ, რომლებიც აუცრელობის გამო კორონას ვირუსს გადაყვნენ და საბოლოოდ ჩვენი შვილები რომლებიც რუსეთის გუბერნია გრუზიადან გაიქცევიან ემიგრაციაში!” – წერს გიორგი აბრამიშვილი.

Share