Home » ფინანსები » დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო გახდება

ივნისიდან პარლამენტი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ფინანსთა სამინისტრომ როგორც იქნა ამ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. ამჯერად, მთავრობა კომერციული ბანკების ვერდიქტს დაელოდება. კანონპროექტის დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში კომერციული ბანკების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტებიდან 11,9 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაშია, ბუნებრივია დომინანტი ვალუტა დოლარია. ეროვნული ვალუტაში 4,3 მილიარდი ლარია განთავსებული. ეკონომისტების აზრით, თუკი მოქნილი სადაზღვევო სისტემა შეიქმნება უფრო მეტ ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი ფულის ბანკში შენახვის, ეს კი ბანკებს გაუჩენს ფინანსურ რესურსს და ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი გაიზრდება. ეს არის დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედების მარტივი ჯაჭვი.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროპისა და დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს, როგორიცაა ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ალბანეთი, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი ყაზახეთი და სხვა. რომ არა ეს სისტემა, აშშ-სა და ევროპაში 2007 წელს დაწყებული საბანკო კრიზისი ბევრად უფრო მწვავე იქნებოდა. საქართველოს მთავრობები ევროკავშირის დირექტივებს დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებით აიგნორებდნენ და ამ სისტემის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთანავე ეფექტური სისტემის შესაქმნელად მარტო კანონპროექტის შემუშავება საკმარისი არ არის – მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების მოქნილი საზედამხედველო სისტემა და `მსუყე’’ სახელმწიფო ბიუჯეტი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუკი სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას დეპოზიტების დაზღვევაზე იგი კომერციული ბანკების მდგრადობაში დარწმუნებული უნდა იყოს. ამასთანავე, მსოფლიო პრაქტიკით კომერციული ბანკების რეგულირების გარკვეული ბერკეტები ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს. სუსტი ზედამხედველობის პირობებში დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო გარანტირების სისტემის ამოქმედება გარკვეულწილად რისკის შემცველი იქნება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროდირექტივა მოითხოვს, რომ წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ სავალდებულო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და დეტალურად აღწერს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სპეციფიკას. დირექტივის თანახმად, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შემოიღოს და ოფიციალურად აღიაროს მინიმუმ ერთი სავალდებულო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. სპეციალურ კომისიას ევალება ევროპის წევრი ქვეყნების დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონიტორინგი და წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ზემოხსენებულ დირექტივასთან. საქართველო რჩება ერთ-ერთ იმ ქვეყანათაგანი სადაც ფინანსური შუამავლობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია რეგიონში, განსაკუთრებით კი დეპოზიტების წილი მშპ-ში.

დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ეროვნული ბანკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა ხელს უწყობს შემდეგი მიზნების მიღწევას: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობით, განსაკუთრებით მცირე თანხები იქნებიან დაცულნი. მეანაბრე ფიზიკური პირების დაახლოებით 97%-ის ანგარიშები არ აღემატება 4 ათას ლარს. ასე რომ, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, მცირე დეპოზიტორების უდიდესი ნაწილს საფრთხე არ ემუქრება. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობისას ბანკის გაკოტრების შემთხვევაში დეპოზიტორებს მომენტალურად აუნაზღაურდებათ მათი დანაზოგები დაზღვეული დეპოზიტების მოცულობის ფარგლებში.

ამასთანავე, გაიზრდება საზოგადოებრივი ნდობა საბანკო სექტორისადმი. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ზრდის საზოგადოების ნდობას საფინანსო სექტორის მიმართ და ამცირებს სისტემური რისკების განვითარების ალბათობას. დანაზოგების გაზრდით, ბანკებს ექნებათ უფრო დიდი დაკრედიტების რესურსი, რითაც ხელი შეეწყობა ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა

ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, როგორ მოხდება დეპოზიტების დაზღვევა. ამ მიმართულებით მეანაბრეს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია, იგი ანაბარზე დივიდენდის სახით იღებს ზუსტად იმ პროცენტს, რაც გაწერილია ხელშეკრულებაში. შეიქმნება სპეციალური ფინანსური სააგენტო, სადაც კომერციული ბანკები და სახელმწიფო შენატანების სახით თანხის მობილიზებას უზრუნველყოფს.

ეკონომისტების განცხადებით, ყველა ქვეყანას გააჩნია გარკვეული თავისებურებები, მაგრამ პრინციპი ყველგან ერთია – სახელმწიფო უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ბანკები არიან მდგრადები და მეორე პრინციპი სახელმწიფომ აანაზღაუროს ბანკის გაკოტრების შედეგად მიღებული ზარალი გარკვეული ლიმიტის ფარგლებში. დეპოზიტის ფონდის ოდენობა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: გადასახადის ოდენობაზე და ფონდის პირველად შენატანებზე. სადეპოზიტო სისტემის დაფინანსების რეგულარული წყაროს წარმოადგენენ ბანკების შენატანები. აგრეთვე ხშირ შემთხვევაში ფონდის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს მთავრობა; რადგანაც ფონდის ჩამოყალიბება მხოლოდ ბანკებისთვის ძალიან ძვირია. სახელმწიფო კი აფინანსებს (სესხის თუ კაპიტალის სახით) დეპოზიტის დაზღვევის სააგენტოებს, რითაც მთავრობა ხელმისაწვდომს ხდის ბანკებისთვის მომავალი შენატანების ოდენობას და თავის წვლილი შეაქვს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში. ჯერჯერობით არ საუბრობენ, სააგენტოში რა თანხას შეიტანს ბანკი და რას სახელმწიფო.

სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი მონაწილეობა

დღეს მსოფლიოში გავრცელებულია ორივე ვარიანტი, როგორც ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული, ისე სავალდებულო სისტემები. თუმცა, საუკეთესო პრაქტიკად ითვლება სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული სისტემა, ვინაიდან ნებაყოფლობითობის შემთხვევაში მხოლოდ სუსტი ბანკები გაწევრიანდებიან მასში და სისტემა არ იქნება ფინანსურად გამართული (აუცილებელი ყველა ბანკის მონაწილეობა, რომ სისტემაში ჩართვის ხარჯები იყოს განაწილებული თანაბრად და სქემამ შეინარჩუნოს ფინანსური სიჯანსაღე). სწორედ გამომდინარე აქედან ევროკავშირის დირექტივა ითხოვს სავალდებულო სისტემების არსებობას წევრ ქვეყნებში. ამასთან, ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში სავალდებულო სქემებთან ერთად მოქმედებს ასევე კერძო ნებაყოფლობითი სქემები (მაგ. გერმანიაში)

და ბოლოს, საბანკო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება საქართველოში აუცილებელია, ვინაიდან საქართველო მიილტვის ევროკავშირის წევრობისაკენ და ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს დეპოზიტების 50% განთავსებულია ორ ბანკში ე.ი. მთლიანად სისტემის სტაბილურობა დამოკიდებულია არაპროპორციულად ამ ორ ბანკზე. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებით, დეპოზიტორებს რომელთაც გააჩნიათ დაზღვეულ თანხაზე დიდი ანაბარი, შეექმნება დივერსიფიკაციის სტიმული.

მაკა ვარადაშვილი

Share