Home » ფინანსები » ბანკების წაუგებელი თამაში და ლარის მარცხი

ბანკების წაუგებელი თამაში და ლარის მარცხი

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს 5%-ად აძლევს ფულს, მათგან კი 8%-ად სესხულობს

 

არგუმენტი, რომელიც რეფინანსირების სესხების გაზრდის გასამართლებლად ისმის. რეფინანსირების სესხები სალაპარაკო თემა მას შემდეგ გახდა, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ექსპერტების ნაწილი მას ლარის დევალვაციის ფონზე ნეგატიურად აფასებენ, ნაწილი კი ლიკვიდობის შეფასების “უწყინარ” საშუალებად.

რეფინანსირების სესხები დიდი ხანია უკვე იზრდება და პრაქტიკულად, მისი ტრადიციული შინაარსი, ანუ ერთკვირიანი ვადიანობა, რამდენიმეთვიანად იქცა. 2013 წელს რეფინანსირების სესხების ნაშთი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 400 მილიონი ლარი შეადგინა (წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარსაც კი ჩამოსცდა). 2014 წელს ნაშთი 400-დან 712 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ისტორიული მაქსიმუმი – 1,120 მილიარდი ლარი დაფიქსირდა, ანუ 2014 წლიდან მოყოლებული რეფინანსირების სესხების მოცულობა თითქოს გასამმაგდა.

როდესაც საუბარია ლიკვიდობის დეფიციტზე, საიტერესოა რა წარმოშობს მას. სახელდება არაერთი მიზეზი, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების ანაგრიშების ხაზინაში გადატანა და ასევე სახელმწიფოს მიერ ბანკებისგან ფულის სესხება.

ორივე ეს არგუმენტი ლოგიკურია და რა თქმა უნდა ბანკების ლიკვიდობაზე გავლენას ახდენს, მაგრამ სრულად ვერ ხსნის იმ მიზეზს, რის გამოც რეფინანსირების სესხები 1 მილიარდ ლარს შეიძლებოდა გაცილებულიყო.

ლიკვიდობის დეფიციტი, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება ნიშნავს იმას, რომ ბანკებს მნიშვნელოვანი რესურსი არ აქვთ სესხების გასაცემად. მაგრამ, სრულიად საპირისპირო სურათი იხატება, თუ გადავხედავთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგებს.

წლის დასაწყისიდან დღემდე ბანკებმა მთავრობას 300 მილიონამდე ლარი ასესხეს, იმ ფონზე, როდესაც გამუდმებით ლიკვიდობის დეფიციტზე მიდის საუბარი და ამის გამო რეფინანსირების სესხები პერმანენტულად იზრდება.

უფრო საინტერესო სურათი იკვეთება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით.

მაგალითად, ეროვნული სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონებზე, ბანკების მხრიდან მოთხოვნა ემისიას 2.6-ჯერ აღემატება, ანუ ბანკები მზად არიან ეროვნულ ბანკს ასესხონ 2,6 ლარი, როდესაც ეროვნული ბანკი ითხოვს 1 ლარს (იხ. დიაგრამა 1). ლიკვიდობის დეფიციტის პირობებში მოთხოვნა-მიწოდებას შორის მსგავსი სხვაობა სრულიად ალოგიკურია.

დიაგრამა 1

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებს, სახაზინო ვალდებულებების ემისიამ მიმდინარე წელს 330 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა, კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნა იყო 583 მილიონ ლარზე. ანუ ბანკები მზად იყვნენ ესესხებინათ 1,8-ჯერ მეტი, ვიდრე იყო გამოცხადებული ემისია (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2

ასევე აღემატებოდა მოთხოვნა გამოცხადებულ ემისიას სახელმწიფო ობლიგაციების შემთხვევაშიც. 2015 წლის იანვრიდან დღემდე ემიტირებული იქნა 370 მილიონი ლარის სახელმწიფო ობლიგაცია, ბანკების მხრიდან მოთხოვნა კი შეადგენდა 503 მილიონ ლარს, რაც 1,3-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების მიწოდებას.

ამდენად, იკვეთება სურათი, რომ ბანკები მზად არიან უფრო მეტი გაასესხონ, ვიდრე ამას ითხოვს სახელმწიფო. თუ ბანკებს ლიკვიდობის დეფიციტი მართლაც აქვთ, როგორ ფიქსირდება ორმაგი და სამმაგი მოთხოვნა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე?

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – საპროცენტო განაკვეთები, რომელიც დიაგრამა 3-ზეა ასახული.

დიაგრამა 3

როგორც დიაგრამაზე ჩანს, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები 8%-დან იწყება და 14%-ზე ადის. ყველაზე ძვირი რესურსი სახაზინო ობლიგაციებია. სწორედ ამ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული კომერციული ბანკების რესურსების უდიდესი ნაწილი (ნახევარზე მეტი).

ეროვნული ბანკის არგუმენტს თუ გავყვებით, ის რეფინანსირების სესხებს ბანკებს აძლევს იმიტომ, რომ ლიკვიდობის დეფიციტი შეუვსოს, ეს დეფიციტი კი მნიშვნეოვანწილად წარმოქმნილია იმის გამო, რომ ბანკები ყიდულობენ მთავრობის ფასიან ქაღალდებს. ანუ გამოდის, რომ ბანკები მთავრობაზე ფულს ასესხებენ ძვირად, შემდეგ კი დეფიციტს იაფად ივსებენ ეროვნული ბანკისგან.

დღეს ბანკები 2 მილიარდ 57 მილიონი ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ. აქედან 1 მილიარდ 246 მილიონი არის სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 10-14%-ის ფარგლებშია, თანაბარ მოცულობები, 380-380 მილიონი ლარი მოდის სადეპოზიტო სერტიფიკატებზე და სახაზინო ვალდებულებებზე, რომელთა საპროცენტო განაკვეთები შესაბამისად 8,2 და 9,5 პროცენტია. სწორედ ამ განაკვეთებში ასესხებენ ბანკები სახელმწიფო სექტორზე ფულს, ხოლო, როდესაც ლიკვიდობის დეფიციტი წარმოექმნებათ ეროვნული ბანკისგან 5.5%-ად სესხულობენ.

ამდენად, ვღებულობთ ასეთ სურათს: ბანკები სესხულობენ იაფად, ასესხებენ ძვირად, ამ პროცესში კი ლარი დამატებით ზეწოლას განიცდის.

 

გიორგი კაპანაძე

Share