Home » ფინანსები » ბანკების მოგება 135%-ით გაიზარდა
ბანკების მოგება 150%-ით გაიზარდა

ბანკების მოგება 135%-ით გაიზარდა


მომგებიანობით ქართული ბანკები მსოფლიოში ლიდერობენ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ სამ თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 257 785 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 148 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-მარტში ბანკების მოგება 109 889 მილიონი იყო. ანუ ბანკების მოგება 2,3-ჯერ,  135%- ითაა გაზრდილი ერთი წლის განმავლობაში. მხოლოდ მარტში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორს 32 მილიონიანი მატება აქვს. ამჟამად საქართველოში 17 კომერციული ბანკია, თუმცა სულ მალე დასრულდება ,,თიბისი ბანკისა“ და ,,რესპუბლიკა ბანკის“ შერწყმაც.

1 აპრილის მდომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 1,071 მილიარდი ლარია და იგი 514 მილიონით აჭარბებს თებერვლის მაჩვენებელს, ასევე, 300 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და ამ დროისთვის 647 მილიონ ლარს აღწევს.  ხაზგასასმელია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – 365 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი – 214მილიონი ლარია. რაც შეეხება არაპროცენტულ შემოსავლებს მან 424 მილიონი ლარი შეადგინა.

135%-იანი მოგების მაჩვენებელი ნამდვილად შთამბეჭდავია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურად ვითარდება და მოგების საკმაოდ მაღალი ზრდით ხასიათდება.  ზოგადად, საბანკო სექტორი ეკონომიკის ლოკომოტივია და ბანკების მსგავსი მასშტაბური მოგება საქართველოს ეკონომიკაზეც უნდა ასახულიყო, თუმცა, იანვარ-თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ კი 2.7%. საბანკო სექტორის მზარდ მოგებაზე, ბაზარზე არსებულ საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე და ამ სექტორში არსებულ პრობლემებზე სპეციალისტები მუდმივად საუბრობენ.

,,ბანკები და ფინანსები“ შეეცადა საქართველოს საბანკო სექტორში არსებული სიტუაცია, სხვაობა სესხებსა და დეპოზიტებს შორის, კომერციული ბანკების მოგების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, შეედარებინა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული საბანკო სექტორის მქონე ქვეყნებისთვის. მაგალითად ავიღეთ ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, საფრანგეთის, კანადის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ჰოლანდიისა და შვედეთის საბანკო სექტორები და იქ არსებული მდგომარეობა.  აღებულია 2015 წლის მონაცემები, ვინაიდან 2016 წლის მონაცემები სრულად არ იყო გამოქვეყნებული. აქვე, ხაზს გავუსვამთ იმას, რომ 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოს კომერციული ბანკების მოგება სტაბილურად იზრდებოდა.

პირველ რიგში ყურადღება გავამახვილეთ სპრედზე, ანუ სესხებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობაზე. საქართველოში სპრედის მაჩვენებელმა 9.4 შეადგინა, რაც საკმაოდ აღემატება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საბანკო სექტორში არსებულ საშუალო მაჩვენებელს – 6.3-ს. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ და მუდმივად ზრდადი მოგების მიუხედავად არსებული ტენდენცია მაინც უცვლელი რჩება.

სპეციალისტებიც ხშირად სწორედ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებს ქართული ბანკების ასეთ მაღალი მოგების მაჩვენებელს. თუკი ავიღებთ ქართული კომერციული ბანკების მოგების თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან დავინახავთ, რომ  იგი 1.7%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და იგი ევროპის ქვეყნების საბანკო სექტორში მხოლოდ 0.5%-ია.  ასევე, ბანკების მიერ გაცემული სესხების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ევროპის ქვეყნებში 90%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში კი მხოლოდ 49%-ია

ბუნებრივია, საქართველოს საბანკო სექტორის მოგების პირდაპირი შედარება ყველაზე განვითარებული საბანკო სექტორის მქონე ქვეყნებთან არალოგიკური იქნებოდა. ვინაიდან ამ ქვეყნების ეკონომიკა გაცილებით მასშტაბურია და ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც რადიკალურად განსხვავებული. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საბანკო სექტორის მოგება და საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხები,  შეგვეფარდებინა მთლიან შიდა პროდუქტთან და საბოლოო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბანკების მოგება შეგვეფარდებინა მშპ-სთან იმ დაშვებით, რომ ყველა ქვეყანაში ბანკების ზომა ეკონომიკასთან მიმართებაში თანაბარია.

თუკი მოცემულ ცხრილს დავაკვირდებით დავინახავთ, რომ საქართველოს კომერციული ბანკების მოგების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 1.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა იგი აშშ-ი 1.1%-ს, იაპონიაში 1.4%-ს ხოლო დიდი ბრიტანეთში 0.9%-ია.  ასევე, თუკი დავუშვებთ, რომ ყველა ქვეყანაში ბანკების ზომა ეკონომიკასთან მიმართებაში თანაბარია, დავინახავთ, რომ საქართველო ყველაზე განვითარებული საბანკო სექტორის მქონე ყველა ქვეყანას ასწრებს მომგებიანობის მაჩვენებლით. ანუ, ქართულ კომერციულ ბანკებს იმდენად მაღალი შემოსავლები აქვთ და იგი იმდენად აღემატება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს, რომ ამ მაჩვენებლით, ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ფაქტობრივად ყველაზე ძლიერი საბანკო სექტორის მქონე ქვეყნებს ჯობნიან.

გიორგი კაპანაძე

 

 

 

Share