Home » ფინანსები » ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით გაიზარდა

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.90%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.70%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.58%-ით მეტი).

2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.75 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.79 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით)“,-აღნიშნულია სესხების მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი იანვრისთვის 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.57%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 21.21 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.43%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 6.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.49%-ით).

Share