Home » საზოგადოება » ”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – ვაჟა გაფრინდაშვილი

”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – ვაჟა გაფრინდაშვილი

”მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა!”


წლის ადამიანს გაზეთი ”ბანკები და ფინანსები” 1999 წლიდან აცხადებს. გამოკითხვა ტარდება გაზეთის ჟურნალისტებს, მენეჯმენტის წევრებს და ტრადიციულ რესპოდენტთა შორის. წელს გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს გაზეთის ვებგვერდის BFM.GE-ს მომხმარებლებმაც. ვებგვერდის მკითხველებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში ელექტრონული სახით. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებისა და ვებ-გვერდის მომხმარებელთა აზრი წლის სამ საუკეთესო ადამიანთან მიმართებაში ერთმანეთს დაემთხვა.


გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად ცნობილი ექიმი და მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილი დასახელდა. მეორეა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი, პლანეტის უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძე. მესამეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.


ამ გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა წლის სამ საუკეთესო პიროვნებას, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებს უნდა დაესახელებინათ ადამიანები მათი ღვაწლის დადებითი ან უარყოფითი შეფასებისგან დამოუკიდებლად. მთავარი პირობა იყო მათი როლის მნიშვნელობა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ზემოქმედების ხარისხი.


ტრადიციულად გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში.


გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები. საბოლოო სიაში პიროვნებები დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. გთავაზობთ, აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. პიროვნებები სიაში დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.


1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

  • ედუარდ შევარდნაძე
  • ნინო ანანიაშვილი
  • გიორგი კანდელაკი
  • ილია II (შვიდჯერ)
  • მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)
  • ზურაბ ჟვანია
  • გიგა ბოკერია
  • ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)
  • თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები
  • ლაშა ტალახაძე
  • სალომე ზურაბიშვილი


წლევანდელ ათეულში, დასანანია, რომ მოხვდნენ ბიზნესმენები, ბანკირები და მეწარმეები, რომელთა არარსებობა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დასანანია და იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ბიზნესი ქვეყანაში მოვლენათა განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ ზეგავლენას ვერ ახდენს.
გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ გამოკითხვის ფავორიტების ათეულს.

გილოცავთ შობა–ახალწელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

ბექა ციხისელი

1. ვაჟა გაფრინდაშვილი


როცა ქვეყანა თითქოსდა ეგუება ოკუპაციის შედეგებს, შესანიშნავმა პროფესიონალმა და კარგმა მოქალაქემ გადაწყვიტა თავისი დიდი სეხნიის გმირივით მოქცეულიყო – ”მარტოკამ უნდა ვიომო, მთელმა ჯარეგამ მნახოსა!”. თანამოქალაქეებს გმირობის და ვაჟკაცობის მაგალითი გვიჩვენა და ფაქტობრივად, ტყვედ ჩაბარდა ოკუპანტს. იმედია მისი საქციელი ქართულ საზოგადოებას გამოაფხიზლებს და გააერთიანებს, ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში განდიდების მანიით შეპყრობილთა ვიწროპარტიული კინკლაობა და ჯირითი. ჩვენ კი უნდა გვჯეროდეს, რომ ”ცუდად მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება”.

2. ლაშა ტალახაძე


უდაოდ ერთ-ერთი უპირველესია. ყველა გამოსვლა გამარჯვებით დასრულდა. უფრო მეტიც, მსოფლიო რეკორდებით დაგვირგვინდა. საამაყოა უდაოდ რომ პლანეტის უძლიერესი ადამიანი ქართველია. ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი გამარჯვებები ბუნების წყალობაა მხოლოდ. მას თან ახლავს თავდადებული შრომა და ბრძოლა, რომ ქვეყანა ასახელოს.

3. გიორგი გახარია


ქვეყნის პრემიერი წლის საუკეთესოთა შორის დამსახურებულად მოხვდა. თითქოს და ზაფხულის მოვლენების შემდეგ, როცა საპროტესტო მოძრაობის წევრები მის გადადგომას მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, არანაირი შანსი არ ჰქონდა შემდგომი კარიერული წინსვლისთვის. მაგრამ, გიორგი გახარიამ დაამტკიცა, რომ გონიერი, განათლებული, პრინციპული და თანმიმდევრული მოღვაწეა და დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავზე – უხელმძღვანელოს ქვეყნის მთავრობას განვითარების უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპზე. ჰყავს ოპონენტები, მაგრამ უფრო მეტი მხარდამჭერი. რაც შეეხება მისდამი დაპირისპირებულ ნაწილს ჩვენი საზოგადოების, უნდა შევეგუოთ, რომ დემოკრატიის პირობებში ზოგჯერ პოლარიზაცია გარდუვალია და შესაძლოა აუცილებელიც.

4. ანა დოლიძე


პრინციპული, მებრძოლი და გონიერი ქალბატონი. მისი ღვაწლი შეუფასებელია სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ოპონირების თვალსაზრისით. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ისევე აუცილებელია ქვეყნის სრულფასოვანი სუვერენიტეტისთვის, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მთავრობა და პარლამენტი. უძლიერეს კლანთან ბრძოლაში, თავის თანამოაზრესთან, ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ამხილა კლანის და ხელისუფლების ალიანსი. ესეც დიდი საქმეა. ჯერჯერობით.

5. ბიძინა ივანიშვილი


ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ამ წელსაც საქართველოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ცდება, ვისაც ჰგონია, რომ მისი დიდი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს იოლი მისაღწევია. წლის დასაწყისში ხელთ იგდო პოლიტიკური ინიციატივა და თითქოს და მითვის სასურველი კალაპოტით მიმართა. მაგრამ, დაუშვა ორი მიუტევებელი შეცდომა – გავრილოვის ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა, რამაც ინიციატივა დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, პოლიტიკურ ველზე მოვლენების ეპიცენტრის გადატანა და აგრძელებდა მასშტაბურ პროექტებს, რომელთა შორის უდაოდ გამოირჩევა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მილიარდიანი პროექტი, აბასთუმნის რეკონსტრუქცია და წყალტუბოს აღორძინების დაწყება. მისი დევიზი აშკარად არის ~ვინც რა უნდა თქვასო, ოღონდ წისქვილმა ფქვასო”.

6. პაატა ცაავა – მეუფე პეტრე


იქნებ ჰეროსტრატეს კომპლექსითაა შეპყრობილი, მაგრამ პატრიარქს და მართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი შეურაცხყოფა და დარტყმა მიაყენა. ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენი ეკლესია რომ არის, ამაზე არავინ დაობს. მეუფე პეტრემ ეს ერთიანობა ლამის ეჭვქვეშ დააყენა. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ შეაფასებს ყოფილი ჭყონდიდელის ღვაწლს, მისი საქმიანობა, შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, უდაოდ რეზონანსული იყო 2019 წელს.

7. ლევან აკინი


სკანდალური ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი უდაოდ იყო საზოგადოებაში სერიოზული ალიაქოთის მაპროვოცირებელი. მან უთხრა ქართველებს, რომ ერთი ადამიანის დრამაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ამ დრამის სოციალურ ასპექტს. ფილმის გამოსვლა და ჩვენება უდაოდ აყენებს მის რეჟისორს ყველაზე რეზონანსული საქმეების აქტორების რიგში.

8. ეკა ბესელია


სამართლიანი, შეუპოვარი და პრინციპული პოლიტიკოსი. გაიარა ურთულესი ცხოვრებისეული გზა ადვოკატობიდან და უფლებადამცველობიდან პოლიტიკოსობამდე. მისთვის არ იყო იოლი ბიძინა ივანიშვილთან და ~ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირება, მაგრამ მას სხვაგვარად არ შეეძლო. იცის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შესაძლოა სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება ეჭვქვეშ დადგეს. სავარაუდოდ, ურთულეს პოლიტიკურ ბატალიებზე გადართულმა ხელისუფლებამ მისთვის ვერ მოიცალა, სხვა შემთხვევაში, მის მიმართ შურისგების აქტი სამწუხაროდ, გარდუვალია.

9. ლევან ლორთქიფანიძე


ახალგაზრდა მეცნიერი და ანალიტიკოსი ამ წელსაც განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მაღალი რანგის ინტელექტუალების გარეშე ქვეყნის მომავალი წარმოუდგენელია. ისევ ახასიათებდა ზომიერი რადიკალიზმი პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, თუმცა დარჩა მემარცხენე შეხედულებების თანმიმდევრულ დამცველად. საჯარო სივრცეში ამ წელსაც კვალიფიციური, კომპეტენტური და შესამჩნევი იყო.

10. ლევან ვასაძე


ულტრამემარჯვენე მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი არენაზე გამოვიდა. ტრადიციონალისტური მიმართულების ქართული საზოგადოება მას ლიდერად აღიარებს, თუმცა ხედვების მეტისმეტი კონსერვატიულობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მიმდევრების დარაზმვას, რაც მედიასა და არასამთავრობო სექტორს უიოლებს მისი მარგანალიზაციის ამოცანას. მიუხედავად ამისა, ლევან ვასაძე ულტრამემარჯვენე ელექტორატის ერთ-ერთი ფავორიტია. ეს კი ტრადიციონალისტური და კონსერვატიული მიმართულების საზოგადოებაში მის სერიოზულ პერსპექტივას რეალურს ხდის.

Share