Home » საზოგადოება » „ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

„ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. ბოლო წლებში, საბოლოო ვარიანტის დადგენისას, სოციოლოგიური ჯგუფი ითვალისწინებდა გაზეთის – BFM.GE-ს მომხმარებელთა ონლაინ გამოკვითხვის შედეგებსაც. დებულების თანახმად, გამოკითხვის მონაწილეებს სთავაზობდნენ გაეთვალისწინებინათ მთავარი კრიტერიუმი: წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) დასახელებულს უნდა ჰქონოდა შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული როლი შესაძლოა, იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. გამოცემა არ ახდენს ამ ზეგავლენის შეფასებას. ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია.

გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) ექიმი, შვიდი შვილის მამა გიორგი ჩაფიჩაძე დასახელდა. მასთან ერთად, კოვიდთან მებრძოლი ექიმები, ცნობილი სამეულით დაწყებული და რიგითი სანიტრებით დამთავრებული. შემოქმედებითმა ჯგუფმა და ვებ-გვერდ BFM.GE-ს მომხმარებლებმა ისინი 2020 წლის ადამიანებად მიიჩნიე, მათი ღვაწლი აღიარეს და მათ მიმართ მადლიერება გამოხატეს. წლის ადამიანთა სამეულში მეორე პოზიციაზეა მეცენატი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მესამე, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა წლის სამ საუკეთესო პიროვნებას, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებს უნდა დაესახელებინათ ადამიანები მათი ღვაწლის დადებითი ან უარყოფითი შეფასებისგან დამოუკიდებლად. მთავარი პირობა იყო მათი როლის მნიშვნელობა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ზემოქმედების ხარისხი.

ტრადიციულად გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა გაზეთის საახალწლო ნომერში.

წლის ადამიანთა საბოლოო სიაში პიროვნებები დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო, მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

  • ედუარდ შევარდნაძე
  • ნინო ანანიაშვილი
  • გიორგი კანდელაკი
  • ილია II (შვიდჯერ)
  • მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)
  • ზურაბ ჟვანია
  • გიგა ბოკერია
  • ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)
  • თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მოხალისეები
  • ლაშა ტალახაძე
  • სალომე ზურაბიშვილი
  • ვაჟა გაფრინდაშვილი

წლევანდელ ათეულში ვერ მოხვდნენ ბიზნესმენები, ბანკირები და მეწარმეები, რომელთა არარსებობა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დასანანია და იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ბიზნესი ქვეყანაში მოვლენათა განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ ზეგავლენას ვერ ახდენს.

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ წლევანდელი გამოკითხვის ფავორიტების ათეულს.

გილოცავთ შობა–ახალწელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

  1. გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები – გიორგი ჩაფიჩაძე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ჭიათურელი ექიმი, ქირურგი, , შვიდი შვილის მამა, რომელიც მერვე შვილს ელოდება. იგი არ გასულა მთელი კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესში საავადმყოფოდან, გარდა უქმე დღეებისა. დაავადდა კოვიდით, განიკურნა და დღემდე აგრძელებს პაციენტების მკურნალობას.

მასთან ერთად, წლის ადამიანებად ვაცხადებთ ყველა ექიმს, ცნობილი სამეულით დაწყებული, რიგითი სანიტრებით დამთავრებული. ყველა ისინი 2020 წლის ადამიანები არიან და მათი სახე, ჩვენი აზრით, გიორგი ჩაფიჩაძეა.

  1. ბიძინა ივანიშვილი – 100 მილიონი ლარი ჩარიცხა კოვიდთან ბრძოლის ფონდში. ქალაქს გადასცა იპოდრომი, სადაც დაიწყო თბილისის მთავარი პარკის მშენებლობა. ფუნქციონირება დაიწყო მის მიერვე დაფინანსებულმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. წელსაც განსაზღვრავდა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ვექტორს და მიმართულებას. უმძიმეს ბრძოლაში შეინარჩუნა ძალაუფლება.
  2. ნიკა გვარამია – „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ, უმოკლეს ვადაში შეძლო ახალი ტელევიზიის, საკმაოდ რეიტინგული ტელეკომპანიის – „მთავარი“ დაფუძნება. ის არის ქართული ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი და მენტორი. ენმ-ს 27%-ის და „ნაციონალური“ ოპოზციის მიერ ნაჩვენებ შედეგებში, უმნიშვნელოვანესია  მისი დამსახურება. თანმიმდევრული, შესაძლოა რადიკალური, მაგრამ უკომპრომისო იყო თავის ხედვებსა და ნაბიჯებში.
  3. უგურ შაჰინი – თურქული წარმოშობის გერმანელი მეცნიერი. შეჭირვებული მსოფლიოს დასახმარებლად შექმნილი, კოვიდის პირველი ვაქცინის შემქმნელი (Pფიზერ Bიონტეცჰ-ის ვაქცინა).
  4. კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში. იტვირთა ურთულესი მისია. ცდილობს უგუნურების ტოტალურ აღლუმში რაციოს შეტანას. აშშ-ის მიმავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელია, ამიტომაც გამალებით ესხმიან თავს. ჯერჯერობით ღირსეულად დგას თავისი ქვეყნის და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე.
  5. ემა ტუხიაშვილი – „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტი, რომელიც ბოლო წლების მედიის პოლარიზების, პოლიტიზებულობის და ტენდენციურობის ფონზე ცდილობს იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. საინტერესო ყოველდღიური თოქშოუს წამყვანი.
  6. ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, ახალგაზრდა მეცნიერი, ლექტორი. ჯერჯერობით გაუძლო პოლიტიკაში წასვლის ცდუნებას. ამ წელსაც გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით და პრინციპულობით.
  7. კატო ფიფია – 17 წლის მოჭადრაკე, მოსწავლეთა შორის ჭადრაკში (ონლაინ ჩემპიონატი) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იმედია, ღირსეულად გააგრძელებს დიდი ქართველი მოჭადრაკე ქალების ტრადიციებს.
  8. გიორგი შერმადინი – კალათბურთელი. ლამის ერთადერთი სახეობა, გუნდურ თამაშებში, რომელიც 2020 წელს წარმატებული იყო. ამ წარმატებაში შერმადინმა ლომის წილი დაიდო, წარმატებულია ესპანურ კლუბშიც („ტენერიფეში“), სადაც თამაშის კლასით და შედეგიანობით გამოირჩევა.
  9. ხვიჩა კვარაცხელია – ფეხბურთელი. ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომ არა მისი კოვიდით დაიფინცირება, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე არ აღმოჩენილიყო. მეტიც, შეიძლება ეს სეზონი აღმასვლის დასაწყისიც გამხდარიყო. ყველას გვეიმედება. სამომავლოდ ყველას გვეიმედება.

 

Share