Home » ბიზნესი » BAG ინდექსი: კომპანიების უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს

BAG ინდექსი: კომპანიების უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დასაქმებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ  გასული კვარტლების განმავლობაში მომატებული ეკონომიკური აქტივობის საპასუხოდ, კომპანიებმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდეს. წინა პერიოდის მკვეთრი ზრდის შემდეგ კი, ზრდის ტემპი ნელდება და გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი შენელებულია, კომპანიების ნაწილი მაინც გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. თუმცა დასაქმების ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმები განსხვავდება სექტორების მიხედვით. ცნობისათვის, კვლევის ფარგლებში, კომპანიები ჯგუფდება ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

ამ სექტორებიდან აღსანიშნავია მშენებლობა, სადაც გაყიდვებისა და ფასების ზრდის პროგნოზის ფონზე, გამოკითხულთა 36% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასაც პროგნოზირებს.  ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორები მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ წინა კვარტლებში არსებულ  ტრენდს.  ხოლო მომსახურების სექტორი, წინა კვარტლებში დასაქმებულთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ძირითადად დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას პროგნოზირებს (გამოკითხულთა 84%).

 

 

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე.

Share