Home » ბიზნესი » BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს.

მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები წინა, 2018 წელთან შედარებით, გამოკითხულთა 67%-მა გაზარდა. ხოლო 2020 წელს, ზრდა გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 35%-ში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს კი ინვესტიციების წლიურ ზრდას გამოკითხულთა 54% პროგნოზირებს.

2020 წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზარზე არსებული არაპროგნოზირებადი გარემო ყველა სექტორის საინვესტიციო გეგმაზე აისახა. მომსახურების სექტორში გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, ინვესტიციები შეამცირა ანდა უცვლელი დატოვა. აღნიშნული მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორში 65%-ს, ხოლო მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში 54%-ს შეადგენდა.

 

ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გეგმებს აჯამებს.

Share