Home » ბიზნესი » BAG ინდექსი: კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია

BAG ინდექსი: კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს ვაქცინაციის პროცესს და აქტიურად მოუწოდებს, როგორც ბიზნესს, ასევე ფართო საზოგადოებას, დროული და სწრაფი ვაქცინაციისკენ.

სწორედ ამიტომ, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ბიზნესის განწყობების გასაანალიზებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, ვაქცინაციის მიმართ  დამოკიდებულების შესაფასებლად, ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა.

კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ვაქცინაციის შესახებ დასაქმებულებთან კომუნიკაცია, ხოლო 6% უახლოეს მომავალში გეგმავს აცრის საჭიროების განხილვას.

 

თანამშრომელთა შორის ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კი კომპანიები სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავენ, როგორიცაა ფინანსური წახალისება, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაო ადგილზე აცრის შეთავაზება, შეღავათი სამუშაო გრაფიკზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა 27%-ს უკვე დანერგილი აქვს აცრის წამახალისებელი მექანიზმები, ხოლო 29% სწრაფადვე გეგმავს მათ შემოღებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომელთა აცრას, ასეთი ცალსახა პოზიცია არ ჩანს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც კომპანიების ნაწილისთვის არ არის ცხადი, რამდენად დაარღვევს აღნიშნული ვალდებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით უფლებებს. ასევე კომპანიების ის ნაწილი, რომელთა თანამშრომლებიც არ არიან მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაში, ასევე არ განიხილავენ სავალდებულო ვანქცინაციის შემოღებას.

შესაბამისად, კომპანიათა უმეტესობა, კერძოდ, გამოკითხულთა 86% არ აპირებს ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის შემოღებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული 14%  მაინც მაღალი მაჩვენებელია და ძირითადად ფარავს იმ კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საცალო გაყიდვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტებთან, ასევე ბიზნესთან. აღნიშნული ქმედებების მიზანი კი დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებაა.

კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.

Share