Home » ეკონომიკა » ბაჩანა ჯინჭარაძე – ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება

ბაჩანა ჯინჭარაძე – ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება

„ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეკონომიკა ემიგრანტებზე ჩამოკიდებულ ეკონომიკად ყალიბდება“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ – აფბა, ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბანკები და ფინანსები“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა და სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ზოგადად, კარგი, ახალი შესაძლებლობები ყოველთვის მისასალმებელია, მით უმეტეს თუ ის დასაქმებასა და კარგ ანაზღაურებას უკავშირდება. ეს ხომ კაპიტალისტურ წყობაში კეთილდღეობის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ და ეს ყველგან ასეა. ამ სტიმულებსაც შექმნა უნდა, ოღონდ შესაბამისი, ადგილობრივი გამოწვევებისთვის საპასუხოდ. კი, ერთი შეხედვით მშვენიერი პროგრამაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დეპოპულაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეკონომიკა ემიგრანტებზე ჩამოკიდებულ ეკონომიკად ყალიბდება. განუხრელად იზრდება ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადმორიცხვების მოცულობა.

მაგალითად, 2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებდა. თუ 2018 წელს ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ მილიარდ 579 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მილიარდ 232.4 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

ვიღებთ სურათს, სადაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეების იმედადაა.

ემიგრანტების ფინანსური გზავნილები წლების მიხედვით:

  • 2012 წელს 1.334 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2013 წელს – 1.477 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2014 წელს – 1.440 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2015 წელს – 1.079 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2016 წელს – 1.153 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2017 წელს 1.387 მილიარდი აშშ დოლარი;
  • 2018 წელს 1.579 მილიარდი დოლარი;
  • 2019 წელს –  1.733 მილიარდი დოლარი;
  • 2020 წელს – 1.885 მილიარდი დოლარი.

კი, გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, ბაზრის ზომა პატარაა, გადახდისუნარიანობა არასახარბიელო, თუმცა, ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება. ექსპორტზე გაგვაქვს თითქმის ყველაფერი მზა სახით, მადნები, ციტრუსები, ხილი (21 თებერვლის მდგომარეობით, მაგალითად ვაშლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 5.6 მილიონი აშშ დოლარი, მოცულობა 13 ათასი ტონა) და შემდგომ იმპორტით შემოგვაქვს მათგან წარმოებული ესა თუ ის პროდუქტი (კაფელი, წვენები და ა.შ.).

უკვე წლებია საქართველოს ეკონომიკა ტრანსფორმაციულ ეტაპშია გაჭედილი. რეალური სექტორის განსავითარებლად დიდი არაფერი კეთდება. და თუ კეთდება, არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელია. მხოლოდ საბანკო სფეროსა და ტურიზმის განვითარება ვერ იქნება უზრუნველმყოფელი იმ სიკეთეების ფართო მასშტაბებზე განვრცობის, რომლებსაც ქვეყნის მხოლოდ მცირე ჯგუფი გრძნობს.

არადა, ჩვენ ევროკავშირის მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე გვაქვს წვდომა, გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთანაც და ამ ბაზრების ათვისების ტემპები ვერ დაჩქარდება თუ არ გვექნება ინდუსტრიული, ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც არ გულისხმობს თუნდაც იმავე ტურიზმზე უარის თქმას. პირიქით, გულისხმობს მეტი ფინანსური კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას მისგან“, – წერს სოციალურ ქსელში ჯინჭარაძე.

Share