Home » საზოგადოება » ბაჩანა ჯინჭარაძე: ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჩარევას აგვიანებს

ბაჩანა ჯინჭარაძე: ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჩარევას აგვიანებს

ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბანკები და ფინანსები“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნული ბანკი აგვიანებს.

ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესში ხშირად გაისმის მოლოდინების ფაქტორის შესახებ. მას ყველა ერთად (ბიზნესი, ხელისუფლება) და ცალ-ცალკეც ქმნის.  და რას აკეთებს ამ დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი? რა მოლოდინებს ქმნის? რატომ არ აკეთებს ინტერვენციას და რატომ არ მუშაობს მოლოდინების ფორმირებაზე? რატომ არ გვაჩვენებს საზოგადოებას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ მცირეოდენ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობს? თუ ისევ დეკლალირებული თესიზით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ლარი მათი საქმე არაა და ისინი ინფლაციაზე არიან პასუხისმგებელნი? კი, ასეა, თუმცა ყველანი კარგად ვგრძნობთ და ვხედავთ რა ნიშნულზეა მარკეტებში პროდუქციის ღირებულება და რამდენადაა ეს მთავარი მიზანი მიღწეული. მაღალი დოლარიზაციის და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის მონეტალური პოლიტიკის მართვა, მით უმეტეს ამ არაორდინალურ დროს, მთელი რიგი მიდგომების გადახედვას მოითხოვს და მხოლოდ ინფლაციის საერთო დონის შელამაზებულ მონაცემებზე ყურება ვერაფერში წაგვადგება.

მარტივად რომ შევხედოთ სიტუაციას – წარმოიდგინეთ მთელს უბანში წყალი დაწყდა, ვერ შემოგვაქვს სხვა უბნიდან, ერთ-ერთ შეძლებულ მეზობელს, რომელსაც შავი დღისთვის გადანახული უბნის წყლის დიდი რეზერვუარი აქვს ნაყიდი და რომელიც სავსეა (რეკორდულად), არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული უწყლოდ დარჩენილი მეზობლების მიმართ? სანამ წყალი ისევ მოვა, არ უნდა მისცეს მათ ცოტა დასალევი? თუ დახრჩობისთვის უნდა გაიმეტოს??

ასეა ამ შემთხვევაშიც. ხელაღებით რეზერვების გაყიდვით კურსს ვერ დაიჭერ, მოკლევადიანი ბერკეტია, თუმცა როცა ამის საჭიროება დგება, მცირე ინექციებით შეიძლება პროცესი შეაფერხო, დროში გაწელო და ასეთი მტკივნეული არ გახადო.

გრძელვადიან კონტექსტში კი საჭიროა ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, წარმოების განვითარება, მეტი საექსპორტო პროდუქტი, მაგრამ ჩვენ ტურიზმის ერთგულები ვართ, რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. უბრალოდ ის გამწევ ძალად ვერ გამოდგება და ამაში უკვე უამრავჯერ დავრწმუნდით“, – წერს სოციალურ ქსელში აფბას ანალიტიკოსი.

Share