Home » ეკონომიკა » აზიმ სადიკოვი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, რომ არსებულ პრობლემებს მოერგო
აზიმ სადიკოვი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, რომ არსებულ პრობლემებს მოერგო

აზიმ სადიკოვი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, რომ არსებულ პრობლემებს მოერგო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ვარაუდობს, რომ საქართველოში ინფლაცია მაქსიმალურ მაჩვენებელს მომდევნო წლის დასაწყისში მიაღწევს.

როგორც სადიკოვმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, ამის შემდეგ ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

“რაც შეეხება ინფლაციას. გაიზარდა ფასები იმპორტირებულ პროდუქციაზე, შეიცვალა ელექტროენერგიის ტარიფები, ასევე, გაიზარდა მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ხარჯები, რომლებსაც დოლარში სესხები აქვთ. ინფლაციამ მიაღწია 5.8%-ს და ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სათანადოა. ჩვენი აზრით, ინფლაცია მაქსიმალურ მაჩვენებელს მომდევნო წლის პირველ თვეებში მიაღწევს, რის შემდეგაც უნდა დაუბრუნდეს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს”,

– განაცხადა სადიკოვმა.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაცვლითმა კურსმა უკვე ასახა საგარეო შოკის დიდი ნაწილი, ამდენად დამატებითი ზეწოლა გაცვლით კურსზე მოსალოდნელი არ არის.

“ლარის გაუფასურების შემდეგ იმპორტმა კლება დაიწყო. ამ დროისთვის იმპორტის შემცირების მაჩვენებელი 14%-ია. ამის გათვალისწინებით ჩვენ გვჯერა, რომ გაცვლითმა კურსმა უკვე ასახა საგარეო შოკის დიდი ნაწილი. ამდენად, ახალი შოკების გარეშე დამატებით ზეწოლას გაცვლით კურსზე აღარ ველოდებით, თუმცა კურსი მცურავია. ის შეიძლება შეიცვალოს ორივე მიმართულებით. რისკები დაკავშირებულია მსოფლიოში დოლარის გაძლიერებასთან, ნავთობის ფასებთან, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტის მერყეობასთან”,

– განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტში 3%-იანი დეფიციტი ოპტიმალურია.

“ბიუჯეტში ჩადებულია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რაც შეეხება დეფიციტს, ის უნდა დაიგეგმოს მიზანშეწონილი ბალანსის მიღწევით. ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, როგორც ეკონომიკის სტიმულირების ფორმა შესაძლოა, მოსაწონი იყოს, მაგრამ ეს გამოიწვევს იმპორტის ზრდას და გავლენას მოახდენს ვალუტის გაცვლით კურსზე. ამასთან ერთად, მაღალი დეფიციტი უნდა დაფინანსდეს ვალის აღებით, რაც ზრდის ქვეყნის ვალდებულებებს. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ 3%-იანი დეფიციტი ოპტიმალურია”, – განაცხადა სადიკოვმა.  მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, რომ მოერგო არსებულ პრობლემებს. “ზრდა 2%-ს აღემატება და თუ ეს ტრენდი გაგრძელდება, წელს, საპროგნოზო მაჩვენებელზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვნახავთ. რაც შეეხება ზოგადად რეგიონისთვის ჩვენს პროგნოზს, ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელი მიმდინარეზე უკეთესი იქნება”,

– აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]

Share