Home » მსოფლიო » აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა.

ახალი გენერალური დირექტორი აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებს რეგიონის ათ ქვეყანაში უხელმძღვანელებს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მათი მთლიანი საინვესტიციო პორტფელი ამ რეგიონში 24 მილიარდი დოლარია.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ეკონომიკის უპრეცედენტო ცვლილებები მოხდა. იმის მიუხედავად, რომ რეგიონს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, დღეს ჩვენი უახლოესი ყურადღება კვლავ „კოვიდ-19“-ის ნეგატიური შედეგების შემცირებაზეა კონცენტრირებული.

აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონების მთავრობებსა და განვითარების პარტნიორებთან ეკონომიკის აღდგენის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, განახლებადი ენერგიის განვითარების და კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკების შესაქმნელად“, – განაცხადა ევგენი ჟუკოვმა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ჟუკოვს მათთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის წარსულში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.

წყარო: 1tv.ge

 

Share