Home » საზოგადოება » აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ბიზნესომბუდსმენი ეწინააღმდეგება
"აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა სარეკლამო ბაზრის არეალს შეზღუდავს"

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ბიზნესომბუდსმენი ეწინააღმდეგება

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა  სარეკლამო ბაზრის არეალს შეზღუდავს

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ეწინააღმდეგება.  მისი შეხედულებით, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს. ლექვინაძის თქმით,  რეგულაციები გავლენას არა მარტო რეკლამის დამკვეთ პირებზე მოახდენს, არამედ რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებზე,  მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეზრუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.

შეგახსენებთ, რომ  კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით,  იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო, რელიგიურ და სამედიცინო დაწესებულებეში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. ახალი რეგულაციების მიხედვით იკრძალება აღნიშნული დაწესებულებიდან 100 მეტრის რადიუსში გარე რეკლამის განთავსება.

ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, გარდა სპონსორობისა.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმების მიზეზის მოუგვარებლობის შემთხვევაში კი, პირველი ჯარიმა გაორმაგდება ყოველ ერთ თვეში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იდეა  6  დეპუტატს ეკუთვის. კანონის ინიციატორები არიან : ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გოგა გულორდავა და ცოტნე ზურაბიანი.

ანა ბაჟუნაიშვილი

Share