Home » საზოგადოება » ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა

ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, შეიცვალა ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულოა სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელმა უზრუნველყოს, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელება.

ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის ოპერაციული სისტემის შერჩევისას, ავტოსადგომის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ სისტემებს უნდა შეესაბამებოდეს.

დეტალური ინფორმაცია დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია საზღვარზე გადაადგილებული სატვირთო გადაზიდვებისათვის თანაბარი, სამართლიანი და კანონშესაბამისი წესების დაცვის მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ არაკეთილსინდისიერად საზღვარზე არსებული რიგის დარღვევისა და ზოგიერთი სატვირთო ავტომანქანის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობის შესაძლებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოსადგომების მფლობელებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, როგორც ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების, ასევე, დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ.

Share